воскресенье, 23 января 2011 г.

Salvador Dali.

სალვადორ დალის მუზეუმი მდებარეობს კატალონიის ქალაქ ფიგერასში (ესპანურად, Figueras). მუზეუმი განთავსებულია ქალაქის ძველი თეატრის შენობაში, სადაც 14 წლის სალვადორ დალიმ პირველად გამოფინა თავისი ნამუშევრები. ესპანეთში სამოქალაქო ომის დროს ძველი თეატრი დაიბომბა და დიდი ხნის განმავლობაში ნანგრევებში იდგა.
მუზეუმის შექმნის იდეა დაიბადა 1961 წელს, როდესაც ფიგერასის ახლადარჩეულმა მერმა მხატვარს თხოვა ქალაქისათვის ერთი სურათის ჩუქება, სალვადორ დალიმ ქალაქისათვის მუზეუმის ჩუქება გადაწყვიტა.
დალიმ გასაქანი მისცა თავის ავადმყოფურ ფანტაზიებს: თეატრი გადაკეთებულ იქნა დადაიზმის ტიპიურ აბსურდულ ტაძრად. სცენის ზევით აღიმართა გიგანტური გეოდეზიური გუმბათი. მაყურებელთა დარბაზი აიღეს და გაყვეს სექტორებად, სადაც წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო მხატვრის სხვადასხვა ჟანრის ნამუშევრები, მათ შორის მაე უესტის საძინებელი ოთახი (ოთახი-სახე, სადაც შეგიძლია დატკბე სავარძლით, რომელიც იმეორებს ჰოლივუდის ყველაზე სკანდალური მსახიობის ტუჩებს). დარბაზებში გამოფენილია მხატვრის ცნობილი ნამუშევრები “ჰალუცინოგენური ტორეადორი”, “გალარინა”, “ატომური ლედა”, “სფერიული გალათეა”, “წვიმიანი კადილაკი”. დალიმ თვითონ მოხატა შესასვლელი ფოიე, გამოსახა საკუთარი თავი და გალა, რომლებიც ოქროს რეცხავენ ფიგერასში, ჭერზე კი ფეხებია ჩამოკიდებული. დალიმ სალონს “ქართა სასახლე” შეარქვა, ერთერთი პოემის სახელწოდების მიხედვით, სადაც მოთხრობილია ლეგენდა აღმოსავლეთის ქარზე, რომლის სიყვარული დასავლეთშია და რომელთანაც მიახლოებისას მიწაზე ცრემლები ცვივა. ლეგენდა ძალიან მოეწონა სალვადორ დალის და დარბაზს პოემის სახელი შეურჩია.
მუზეუმი გაიხსნა 1974 წლის სექტემბერში. იგი უფრო ბაზარს მოაგონებდა მნახველს, ვიდრე მუზეუმს, თუმცა მას შემდეგ მუზეუმი-თეატრი მაგნიტივით იზიდავს მნახველებს.
მუზეუმში განთავსებულია მხატვრის ნამუშევრების დიდი კოლექცია. ნახატების გარდა მუზეუმში ექპონირებულია ქანდაკებები, კოლაჟები, ოთახი მეი უესტის სახით და სხვა უჩვეულო ნამუშევრები.
თავდაპირველად მუზეუმი უდიდესი მისტიფიკატორის სიცოცხლეში დადგმულ ძეგლს და სახლს წარმოადგენდა, შემდგომ კი იგი მავზოლეუმად იქცა. მისი ანდერძით, თეატრ-მუზეუმში დამარხეს. მუზეუმში მოთავსებულია ურნა მხატვრის ფერფლით. მხატვარი ცხოვრობდა და გარდაიცვალა მის მიერ ერთხელ თქმული თეზისის მიხედვით” გენიოსის ყოველდღიური ცხოვრება, მისი სიზმარი და საჭმლის მონელება, მისი ექსტაზები, ავადმყოფობა, მისი სიცოცხლე და სიკვდილი ძირფესვიანად განსხვავდება კაცობრიობის დანარჩენი ნაწილისაგან”.








Комментариев нет:

Отправить комментарий