понедельник, 24 января 2011 г.

როსტომ ჩხეოძის "უკანასკნელი კარგი ლექსი" (ტიციან ტაბიძე)

  დამფრთხალი სახე...ზარდაცემული თვალები...
   ასეთი შეშინებული იერი ფოტოსურათზე სხვა არც მინახავს. ობიექტივის წინ ადამიანები ყოველთვის ცდილობენ სახეზე არ დაეტყოთ, რა აწუხებთ და აშფოთებთ. ხან იქნებ მშვიდადაც ვერ გამოიყურებოდნენ, მაგრამ ასეთი დამფრთხალი სახე?! ფოტოსურათზე სამი გამოსახულებაა აღბეჭდილი და იმ ორსაც დამჩნევია, რომ დალხინებული ყოფა არ უნდა ჰქონდათ, მაგრამ ტიციან ტაბიძის მზერა და იერი რაღაც უჩვეულო შიშითაა სავსე, თითქოს ობიექტივის კი არა, თოფის ლულის წინაშე დგას და, ჰა, ტყვიამ უნდა იწივლოსო... „შემართულია ფეხზე ჩახმახი და უსიკვდილოდ ვერ გადურჩებიო“, მისთვის ეს უკვე აღარ იყო სიმბოლური გააზრება, რადგან უმკაცრესი გარემო სახიფათოდ აშიშვლებდა ამ მეტაფორის რეალობადქცეულ არსს. მართლაც..

        „გარჩენილი ვარ ქვებზე კალმახი
          და ახეული მაქვს ლაყუჩები“.
    და: შემართული იყო ფეხზე ჩახმახიც და უსიკვდილოდ ვერც ტიციანი გადურჩებოდა.
      ვიტყვით: იწინასწარმეტყველაო... ისიც თავიდანვე განჭვრიტა: „მე ყაჩაღებმა მომკლეს არაგვზე, შენ ჩემს სიკვდილში არ გიძევს ბრალიო“ 

          თუმც რა წინასწარმეტყველება უნდოდა. 
         იგრძნო თუ არა, „ჩვენ ახლა სხვა დრო წამოგვეწიაო“, მერე აღარც იმის მიხვედრა იყო ძნელი, რომ ღრმა ხევში მისი და მის თანამოკალმეთა თავებიც სადმე დაგორდებოდა...თუმც ჯერ ერთხანს აცლიდნენ: ჯერ ჩახმახი ფეხზე უნდა ყოფილიყო შემართული, შიშის დამცემად და დამთრგუნველად; ვიდრე პირში სული ედგა, ცვილივით მოქნილი გაეხადათ და ყველაფერზე დაეყაბულებინათ. 

      ფოტოს დახედავთ და აშკარაა: ტიციანს უკვე საკმაოდ სულიერი ტანჯვა უგემია; და რასაც საკუთარ ძმასაც ვეღარ გაუმხელდა, გულში რომ ბალღამი ჩაკირულიყო, მის დამფრთხალ, ზარდაცემულ თვალებში ილანდებოდა.
          ობიექტივით დაჭერილი წამი წლების ტანჯვას გვაგრძნობინებს. ყველგან შემართული ჩახმახი ეჩვენება, ყველგან მოდარაჯე თვალი ეღობება და ამ საზარელი ხილვით, მტანჯველი მოლოდინით გათანგული ყველაფერზე თანახმაა, თვით იმაზეც, რაც განსაკუთრებულ სულიერ გვემას გაუჩენს.
        ტიციანმა ალბათ ერთი სიკვდილი გაათავა, როცა „მნათობის“ ფურცლებზე (1935, №4) გამოქვეყნებულ მიმართვას თვითონაც მოაწერა ხელი, მაგრამ გარდაუვალი სასჯელის შიშით დათრგუნულმა, ვერ ჰპოვა საიმისო ძალა საკუთარ თავში, რომ თავისი მოძღვარი და უძვირფასესი პიროვნება, ვისი სახეებიც მაცხოვარს აგონებდა, ასე არ გაემეტებინა „...ქართველი მწერლების რიგებს მოღალატურად სტოვებს და როზენბერგის ბანდებს უერთდება ერთი ქართველი მწერალი, რომლის სახელი ამიერიდან ხდება სამარცხვინოდ ყოველი საბჭოთა მწერლისა და მოქალაქისათვის. ეს მწერალი არის გრიგოლ რობაქიძე... ვინც გაიხსენებს რობაქიძის მუშაობას რუსულ შავრაზმულ პრესაში, მის ბულვარულ რომანს „ფალესტრას“ და იდიალისტურ რასისტულ წიგნს „გველის პერანგს“ და მთელ მის მხატვრულ პროდუქციას, გამსჭვალულს გადაგვარებულ კლასთან იდეურ სიღატაკით და დაკნინებულს მხატვრული ფორმით,-მისთვის რობაქიძის ეს უმსგავსო და ბოროტი საქციელი გასაგები ხდება, როგორც ლოგიკური დასკვნა ამ განდიდების სენით შეპყრობილ, გადაგვარებულ პიროვნების მუშაობისა“.
        ხანჯლის ჩაცემა სხვა რა არის...
 

    სამშობლოდან განდევნილს უმცროსი მეგობრების, მოწაფეების ხელით გადაუდღაბნეს სახე.    
    მოძღვარი შეიძლება ერთმა მოწაფემ გაიმეტოს, მაგრამ ოთხმა ერთად?!  მაგრამ  ეს ახალი ეპოქის ნიშან-თვისება იყო.  
 

      გრიგოლ რობაქიძეს თუ ვინმესი სჯეროდა, ტიციანისა და პაოლოსი: მათი პიროვნებანი ამიტომაც გაიაზრა რომანტიკულად და ასერიგად გააზვიადა რომანში „გრაალის მცველნი“-ეროვნულ სიწმინდეთა დამცველებად შერაცხა და ანდერძი გრაალის თასის გადარჩენისა- რაც სულიერების ხსნას გულისხმობს- მათ დაუბარა. ლევან ორბელი (თვითონ გრიგოლ რობაქიძის ალტერ ეგო) რომ აღესრულებინა, თან იმ იმედს გაიყოლებს, თასს ავალა და ოდილიანი (ანუ: ტიციანი და პაოლო) უპატრონებენო.
      ბედისწერამ ასე განარიგა, რომ რობაქიძე თავის მოწაფეებზე ბევრად გვიან აღესრულა, მაგრამ რაკიღა სამშობლოდან მოკვეთილიყო, გრაალის თასის გადარჩენაზე ზრუნვა მაინც ნაანდერძევად აღიქმებოდა.
       ეჰ, არამცთუ თასი, თავიც ვეღარ გადაერჩინათ!..
  თურმე ისიც არ კმაროდა, სიკვდილის ტოლფას საქციელს რომ ჩაიდენდნენ იძულებით.
       ასეთ საქციელს კიდევ მოსთხოვდნენ... მერე კიდევ...
       ქვებზე გარჩენილი და ლაყუჩებახეული კალმახის გასხმარტალება განა არსებობას გულისხმობს?!
     „გრაალის მცველებში“ ავალა რომანტიკული, აღმტაცი განცდებით რომ სულდგმულობს და ოცნება რეალობაზე აღმატებულად მიაჩნია, მისი სული ამიტომაცაა შეძრული და გათანგული სატრფოსთან შეხვედრის მოლოდინით... დარწმუნებულია, გარეგნულად ჩვეულებრივად ვიცხოვრებ, შევჭამ, დავლევ, დავიძინებ, ნაცნობ-მეგობრებს ვესტუმრები, მაგრამ არავინ და არაფერი არ გაეკარება ჩემს გულს, მხოლოდ მომავალი შეხვედრით ვიცხოვრებ, შეხვედრის წამით, და ეს წარმოსახული წამი ყველაფერ იმაზე უფრო ნამდვილი იქნება ჩემთვის, რაც ირგვლივ ვითომდა ნამდვილად ხდებაო. სხვა ყველაფერი უმნიშვნელო იქნება და დროის ამ მონაკვეთიდან ამოვარდნილი, ჩემს გულს შორეული აღანთებს, მაგრამ ისეთი ძლიერი იქნება ეს შორეული, ადამიანის მთელს არსებას დაიპყრობსო.
            მოლოდინის ეს უკიდურესი სიმძაფრე ტიციანს მართლა დაატყდა თავს, მაგრამ აქ არამცთუ რომანტიკულის ნასახიც არ ერია, ყველაფერი კოშმარითა და ცინიკური სისასტიკით გაიჟღინთა და სული იმან გათანგა, რომ ხელისუფალთან შეხვედრის წამი გარდუვალი შეიქნა... და თუ ტიციანი გარეგნულად კვლავაც ჩვეულებრივად ცხოვრობდა, არავინ და აღარაფერი არ ეკარებოდა მის გულს, რადგან ის წარმოსახული წამი იმაზე უფრო ნამდვილი იყო მისთვის, ვიდრე ირგვლივ არსებული რეალობა, რაც სრულიად გაუფასურდა და მეტისმეტად უმნიშვნელო გახდა. პოეტური ცეცხლი ჩაინავლა და გაუსახურებულ ლექსებში გამომკრთალი სტრიქონები თუ მხატვრული სახეებიღა მოგაგონებდა ძველ ტიციანს, ლაღსა და არტისტულს, ვინც ახლა თავისი ხელით შლიდა
იმ ლექსებს, ცარცით კი არა, სისხლით რომ წერდა.. 
     ამ ფოტოზე კიდევ ერთი გულისშემძვრელი წამია აღბეჭდილი: ტიციანი გათანგული დამხობია მაგიდას, თავზე ხელები შემოუხვევია და თითქოს ასე ემალება ციკლოპის მზერას... თვალები არ უჩანს, მაგრამ უამისოდაც ცხადად ვგრძნობთ, რამხელა შიში და ტკივილი ჩაბუდებულა მის სულში- მეორე დღეს ხელისუფალთან არის დაბარებული და ყველამ კარგად იცის, ეს რასაც ნიშნავს... მეგობრები ცდილობენ ანუგეშონ, მაგრამ რა ამაოა ასეთ დროს ნუგეში; და ტიციანის მობღუნკული გასაცოდავებული სხეული ერთადერთი წყურვილით არის შეპყრობილი: გაქრეს, აორთქლდეს, უგზოუკვლოდ გადაიკარგოს.
       ეს გამოსამშვიდობებელი საღამოა: თითქოს ტიციანი საკუთარ ქელეხს თვითონვე იხდიდეს... ან რაღა თითქოს: თვითონ იხდიდა... და თუკი  ის ოცნებაც გაუჩნდა,იქნებ წამიერად მაინც გადავივიწყო განკითხვის ჟამის მოახლოება, იმის ძალღონე სადღა შესწევდა, დროსტარებაში შთანთქმულიყო.
          მაგიდაზე წამხობილა,თავის ხვედრს დასცინის და კიდევ ერთ სიკვდილს ათავებს, რადგან იცის, რომ ძალმომრეობას ოდნავადაც ვერ შეეწინააღმდეგება და, ვინ უწყის, რანაირად გამოიყენონ მისი ეს შიში და ზაფრა.
         ეს დათრგუნული კაცი ყველაფერზე დათანხმდება.
         ეს ფიქრი ზარავს, მაგრამ ვერა გაუწყვია რა...
         ადრე ადამიანებს ღვთის რწმენა უღვივებდათ სიმტკიცის უნარს, მოწამეთ ის ასალკლდევებდათ და ყოველგვარ ტანჯვას უშიშრად ამიტომაც ეგებებოდნენ... ახლა სხვა ეპოქა დამდგარიყო და ღმერთს მოკლებული ადამიანი ისედაც გაუსაძლის სულიერ გვემას მისცემოდა, ისედაც არავითარი დასაყრდენი აღარ გააჩნდა. და თუკი დამოუკიდებელი სახელმწიფოს დამხობასაც შეესწრებოდი და გაუგონარი პოლიტიკური რეჟიმის ხუნდებშიც მოექცეოდი, რაღას შეიძლება გაემხნევებინე?
        ტიციანი შინ აღარც დაბრუნებულა...
        არც მის უღმერთოდ ნაწამებ სხეულს ღირსებია განსასვენებელი.
        ლეგენდებმა კი გამოაღწია... ვითომ ლეგენდებმა? ვითომ მართლა ასე მოხდებოდა, როგორც ეს ყრუ, ძლივგასაგონი ჩურჩული ირწმუნებოდა?- არ არსებული შეთქმულების თანამზრახველებად იოანე-ზოსიმე და დავით გურამიშვილი დაასახელაო...
        ანდა: ღრმა სარდაფიდან ამოყვანილი ტიციანი კიდევ ერთხელ რომ წარუდგინეს ხელისუფალს, ამ დავალების შესრულება მოსთხოვა: პაოლოს საქციელი უნდა დაგმო, თვითმკვლელობისთვის ანათემას უნდა გადასცე, მისი მავნებლური სული გააშიშვლო, ხალხის მტერს როგორც ეკადრებაო... მაშინ რანაირადაც იწერებოდა და ისეთი კლიშე-ფორმულები ჩამოყალიბებულიყო, ოდნავი დაფიქრებაც აღარავის სჭირდებოდა, ფრაზები თავისთავად ლაგდებოდა.
        დავალების გულმოდგინედ აღსრულებას უთუოდ ხელისუფლების წყალობა მოჰყვებოდა და სხვა რაღა უნდოდა: პაოლოს აღარაფერი დაუშავდებოდა და თვითონ კი ასე ცის გახსნასავით მოევლინებოდა თავისუფლება. რასაც ვერ იოცნებებდა, აგერ, ხელში უვარდებოდა.
        უკეთესი რა ენატრა!..
        ზარდაცემული თვალები, მობღუნკულისხეული განა იმ ფიქრსაც არ გაგვიჩენს, რომ ასეთი შეშინებული კაცი მეგობარსაც დაუნანებლად გაიმეტებდა? თანაც რა გარემოში... და ცოცხალსაც კი, არამცთუ მიცვალებულზე ვთქვა აუგი... აკი მოძღვარის ხსოვნა ერთად გაწირეს... მაგრამ პაოლომ ტყვიითა და ახდილი თავისქალათი ჩამოირეცხა ის ცოდვა, და სხვა მოსალოდნელი ცოდვებიც იმ გასროლას გააყოლა: ადამიანური ღირსების შენარჩუნებით უკვე დაიბრუნა თავისი სახე და თუკი ტიციანსაც ასევე მოწყურებოდა ნამდვილი სახის დაბრუნება, თუკი გრაალის თასის გადარჩენა კვლავ თავის მოვალეობად უღვიოდა სულის სიღრმეში, მრისხანე მბრძანებლისთვის ის უნდა გაებედა, რასაც იქნებ თვითონაც არ ელოდა და რაც სიოს სუნთქვამ მოიტანა ჩვენამდე:
         - ვერ დავწერ...
         სულის სიღრმიდან ისეთი ნაკადი დაძრულიყო, რომ ეს უარი ისე უბრალოდ ითქმოდა, როგორც მუხრანზე გაზაფხულისთვის მოდის ბალახი, მზეზე კალმახი ალაპლაპდება და მერცხალი უბრუნდება შარშანდელ ბუდეს.
        - ვერ დავწერ...
       - ვერ დავწერ...პაოლო ცოცხალი აღარ არის და საშუალება აღარ ექნება სილა გამაწნას.
        იოლი მისახვედრია, როგორი თვალებიც ანდა იერიც ექნებოდა ამ სიტყვების თქმისას ტიციანს, ან ისევ ჯურღმულში რომ ჩაჰყავდათ: დიდ ტვირთმოხსნილი და სულ სხვა გონებით განათებულნი... აცახცახებული სულიც ერთბაშად ჰპოვებდა მტკიცე საყრდენს და მოძღვარის ლანდსაც გულშვებით შეხედავდა.
       აკი ეს დათრგუნული კაცი ყველაფერს დათანხმდებაო?! აკი მეგობარსაც დაუნანებლად გაიმეტებსო?! მაგრამ ღმერთმა არ გაწირა სოფლისაგან განწირული...
      ასე აიტყორცნა ტიციანის აღსასრული პოეზიის სიმაღლეზე, რაც ყოველთვის ეხარბებოდათ პოეტებს ერთმანეთისა. ტრაგიკული, რომანტიკული სიკვდილი რაღაც განსაკუთრებული ხიბლით ანათებდა შემოქმედის ცხოვრებას და თვით უდიდეს პოეზიასაც ბოლო შედევრად ემატებოდა, შარავანდედით აგვირგვინებდა. ღრმა აზრით ამასვე გულისხმობს უილიამ ფოლკნერის ერთი გმირის რწმენა, რომ თავგანწირული „არა“-ს წინაშე ფერმკრთალდება ყოველგვარი სტრიქონი, ყოველგვარი ლექსი და პოემა... დიახ, დაპირისპირება აქ მოჩვენებითია, რადგან ეს მტკიცე უარი განა თავისებური ლექსი არ არის, როგორც სხვა ამაღლებული შეგეგებანი სიკვდილთან?... ჩვენში ეს აზრი მეტაფორულად ასეც გამოითქვა, „პოეტისათვის კარგი სიკვდილი უკანასკნელი კარგი ლექსია“ ( გიორგი შატბერაშვილი) და ეს მეტაფორა გულისხმობს პოეტის ცისკენ გაფრენასაც, ტყვისთვის შუბლის შეშვერასაც, უგზოუკვლოდ გაუჩინარებასაც, ბრძოლის ველზე დაცემასაც, კოცონზე დაფერფლილ სხეულში გულის გადარჩენის საოცრებასაც და კიდევ ბევრ, სიმბოლოს, რომელთა უსასრულო მწკრივშიც ნათლის სხივად კიაფობს ტიციან ტაბიძის ტრაგიკული ბედიც:
ქვებზე გარჩენილმა ლაყუჩებახეულმა სიმტკიცისა და ადამიანური ღირსების ძალა მაინც რომ ჰპოვა საკუთარ თავში.

Комментариев нет:

Отправить комментарий