воскресенье, 23 января 2011 г.

დაბადების დღე იუბილარის გარეშე







“მე რომ წავალ, ალბათ  იტყვის დედა...“  დაბადების დღე ნიკოს გარეშე 12 ივლისს ”თავისუფალ თეატრში” ნიკო გომელაურის ორმოცი წლისთავისადმი მიძღვნილი იუბილე გაიმართა. ღონისძიებაზე მისმა მეგობრებმა, კოლეგებმა, მკითხველებმა და მაყურებლებმა იმ კადრებით აწყობილი ფილმი ნახეს, რომლებიც გასტროლების დროს სამოყვარულო კამერით მსახიობისა და პოეტის კოლეგებმა გადაიღეს. აქვე გაიმართა ნიკოს ახალი წიგნის – ”უბრალოდ ნათქვამის” პრეზენტაცია.

”უბრალოდ ნათქვამი” ნიკო გომელაურის მეუღლის, ნინა ჩოდრიშვილის, ინიციატივით გამოიცა. წიგნში მსახიობ და პოეტ ნიკო გომელაურის რჩეული ლექსები და 1999 წლიდან 2010 წლის ჩათვლით გამოქვეყნებული ინტერვიუები დაიბეჭდა.

”მთავარი მიზანი ამ წიგნის გამოცემისა არის ის, რომ დავიცვა ნიკოს სახელი იმ წინდაუხედავი ინტერვიუებისაგან, რომელთა წაკითხვაც თავად ნიკოს აღიზიანებდა” - განაცხადა ნიკო გომელაურის ქვრივმა ნინა ჩოდრიშვილმა.

”რაც თავისუფალი თეატრი არსებობს, ნიკო ყოველ 12 ივლისს აქ ხვდებოდა. მის დაბადების დღეს ხან სცენაზე, ხან დარბაზში, ხან კი თეატრის აივანზე ვიხდიდით. ასე აღვნიშნავდით მის იუბილეებს. წელს არ დავარღვიეთ ტრადიცია და მომავალშიც შევეცდებით, რომ ასე მოვიქცეთ. ნიკოს ასე უყვარდა...” აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ნიკო გომელაურის მეგობარმა ავთო ვარსემაშვილმა.

შეხვედრაზე ნიკო მეგობრებმა, კოლეგებმა გაიხსენეს და მისი მოღვაწეობაც შეაფასეს: ” საშინელი დანაკლისი განიცადა ქართულმა და რუსულმა თეატრმა და პოეზიამ. მე არ მინახავს ადამაინი, რომელსაც ორ ენაზე ასე კარგად შეეძლო დაეწერა ლექსები. ეს არის კაცი, რომელმაც მოახერხა ადგილის დამკვიდრება და ხალხის სიყვარულის მოპოვება ნიჭისა და ადამიანური სიკეთის ხარჯზე” – გვითხრა რეჟისორმა გიგა ლორთქიფანიძემ.

ნიკოს არ უყვარდა პომპეზურობა, თუმცა მისი დაბადების დღე ქართველმა საზოგადოებამ გამორჩეულად აღნიშნა და არ გაუთვალისწინებიათ ნიკოს თხოვნა:
” რა საშიშია ეს ხშირი ტაში...” ტაში, მართლაც, ხმამაღალი და „ხშირი“ იყო.

                                                                                       ***
ჩემს ქალაქში არაფერი მაოცებს, შუაღამეს მზის სხივიც თუ მაკოცებს,
აქ ხომ შავი საყვარელი ფერია, აქ შენი ძმა თურმე შენი მტერია…
აქ არ ხარობს თავმდაბლობის ნაგავი, აქ ტაძრებშიც შეიტანეს ნაგავი,
აქ სიზმრები აღარ არის ფერადი, აქ ღალატი გახდა მრავალჯერადი…
აქ სიყვარულს ჩაგითვლიან ბოდვაში, აქ ხომ ახლა ბოზობაა მოდაში,
აქ უნიჭო სიმღერები ჰიტია, აქ “ბებერი ალაზანში კიდია”…
აქ პოეტებს გაურბიან მუზები, აქ გესვრიან თუ არ წაიკუზები…
ჩემს ქალაქში ყველაფერი მოსულა, აქ ჯამლეტამ ჯონდო დააორსულა                                                                                                             ***
ჯოჯოხეთში იბევებენ ადგილებს,
იქ მოხვედრა განა გა-ა-ადვილეს?!
მე კი მითხრეს: არა ხარო საჭირო
-ეშინიათ მთვრალმა არ გავაჭირო.
იქვე იყო კარი მოპირდაპირე,
იქაც შესვლა ტყუილად დავაპირე.
ახლა ვეძებ(გამიფუჭდა განწყობა)
ადგილს სადაც არ ჭირდება ჩაწყობა.                                                                                                 ***
აღარ დამრჩა გული, ღვიძლი,
მაგრამ მაინც, მაინც ვიბრძვი…
აღარ დამრჩა ტვინი, ფილტვი,
მაგრამ მაინც,მაინც ვილტვი..
აღარ დამრჩა ნერვი ღერი,
მაგრამ მაინც,მაინც ვმღერი…
მაგრამ მაინც, მაინც ვქაჩავ,
რადგან ერთი რაღაც დამრჩა…                                                                                                                                                                             ***
მე შენში მიყვარს ღმერთი !
შენ , რა იპოვე ჩემში ?!
შენ – წმინდა სანთლის ღვენთი.
მე – გაფანტული ხრეში. მე შენში მიყვარს ღმერთი !
შენში ის თავს გრძნობს კარგად.
ჩემში კი სველი დენთი
- აღარ ღირს დროის კარგვად.
მე შენში მიყვარს ღმერთი !
ტერფებთან გინთებ სანთლებს . . .
და თუ ასეა – წვეთი ,
ნამუსი მაინც მმართებს . .                                                                                                          
                                               ***                                                                                                                        როგორი იყო ? . . აბა რა ვიცი . . .
           ასე ამბობენ – ჰქონდა წვერები .
      ორი ათასი წელი განვიცდი . . .  
ჩარევა არ ღირს , მაგრამ ვერევი :                                                                                                                      როგორ აკოცა უფალს ლოყაზე ?!
                 - ცოტათი მაინც მორიდებოდა . . .
მეზიზღებოდა ზოგჯერ მოყვასი ,
მაგრამ ღალატი არ მინდებოდა.
არადა კოცნის , არადა ჰყიდის . . .
იცის მოკლავენ , განა შტერია.
ღალატზე განა ვერცხლისთვის მიდის ?!
- თავის სიმცირეს ვერ მოერია . . .
                                                                                                      

Комментариев нет:

Отправить комментарий