воскресенье, 23 января 2011 г.

როსტომ ჩხეიძის "ვარსკვლავთა ფსალმუნი"

`მე და ფიქრი ერთად ვბერდებით~ _ ლირიკული გმირის ამ ფრაზამ იქნებ კიდეც შეგაკრთოთ თავისი მოულოდნელობით.
ნეტა მართლა თუ ბერდება ფიქრი?
ან რას ნიშნავს ფიქრის დაბერება? _ მოდუნებას, გაბუნდოვანებას, გაუბედაობას, დაფანტულობას?.. იქნებ გრძნობს ამ განცდათა მოახლოებას, თუმც ჯერ შორსაც ილანდებოდნენ, და შეშფოთდება და შეძოძგინდება სული: ის, რაც მკვიდრად ნაგები და შეუვალი ეგონა, ვაითუ უფრო ძლიერად შეტორტმანდეს და მერე სულაც მოწყდეს იმ ფესვებს, რისი სიმტკიცის დარღვევაც არასოდეს გაუვლია გულში.
არა, მაინც რას ნიშნავს ფიქრის დაბერება?
მე და ფიქრი ერთად ვბერდებით,
ერთად დავეძებთ სინათლის წვეთებს _
ძველ სიტყვებში რომ მიმალულან.
თურმე განახლების წყურვილს გულისხმობს, შეუგუებლობას ბედის განაჩენთან, ტორტმანს ულმობელი თანდათანობით რომ დააბოლოვებდა, ახლა კი ძველ სიტყვებში მიმალული სინათლის წვეთების მიგნება იქცევა სულიერი განახლების, ფიქრის კოშკის შეუვალობის საწინდრად.
`სინათლის წვეთი~ არა მარტო მეტაფორულ სახედ გაიელვებს გივი ალხაზიშვილის ლირიკულ ხილვებში, არამედ ამთლიანებს მის პოეტურ ძიებათა ბოლოდროინდელ რკალს, სადაც ადრინდელ განწყობილებათა და მოტივთა ახლებურ გააზრებასა თუ გაღრმავებასთან ერთად ჩნდება სინანულის, გამოსყიდვის თემა, მკვეთრად შეფერილი რელიგიური იერით.
`სინანულისთვის გავჩნდი ამ ქვეყნად _ სინანულისთვის, სინანულისთვის…
მე ვერ გამოვცდი უფალს ჩემსას და სასწაულის ხილვას არ შევთხოვ. სასწაულია ყოველივე, რაც მუდამ მიყვარს _ მზე და ტყეები, ვარსკვლავები და შენზე ფიქრი, ღრუბლის ჩრდილივით რომ ჩაწვება თვალების ფსკერზე.
მე ვერ გამოვცდი უფალს ჩემსას, მე _ შობილი სინანულისთვის…~
რომელი მორწმუნე გამოცდის ღმერთს, ამ ჭეშმარიტებას, აბა, ვისი დასტური სჭირდება, მაგრამ როცა ესაიას წინასწარმეტყველების კიდევ ერთი გადაკითხვისას თვალი ისე მიეყინა ამ მუხლს _ `უთხრა ახაზმა: არ მოვთხოვ და არ გამოვცდი უფალს~ _ თითქოს პირველად ხედავსო, `ახაზ~-ის უნებლიე ფონეტიკურმა მსგავსებამ თავის გვართან შორეული იდუმალება რაღაც სულ სხვაგვარად განაცდევინა.
`მე ვერ გამოვცდი უფალს ჩემსას, მე _ შობილი სინანულისთვის…~
სულიერ ლტოლვას ბიბლიურმა სახელმა ტვიფარი დააჭდო და ესაიას სტრიქონთა თავისებური ვარიაციები სინანულის ციკლის პირველბიძგივით გამოდგა.
და სინანული და მდუმარება სამუდამოდ გადაეჯაჭვება ერთიმეორეს ლირიკული გმირის სულში. ეს სული მდუმარებაში შთანთქმის, როგორც თავშესაფარში, ამ ვრცელ, მშვიდსა და უღრმეს მდინარებაში და იქ დაბადებული სიტყვები განსხვავებულნი არიან, რადგანაც `სინანულის წიაღიდან აღმოცენდებიან~.
დუმილი, სიჩუმე, ფიქრი, მარტოობა გივი ალხაზიშვილის პოეტურ ძიებათა განუყოფელი ცნება-სიმბოლოები იყო აქამდეც, ლექსიდან ლექსში რომ ბრუნავდნენ ახალ-ახალი წახნაგებით, როგორც გამოხატულებანი სულირი თავშესაფრისა, ოღონდ ის, მაშინდელი თავშესაფარი პოეტს ღმერთსმოკლებულ სამყაროში მიეგნო და უმწეო და სასოწარკვეთილი ლირიკული გმირი იმას თუ ახერხებდა, რომ გადაგვარებისაგან ეხსნა საკუთარი თავი, გაქცეოდა სასტიკსა და უსახო გარემოს, ჩაყვინთულიყო, უჩინარქმნილიყო და თვითონაც დუმილს შერწყმოდა.
ამიტომაცაა, ჰობოი ერთ ლექსში საკრავად კი არა, ადამიანის ბედის გამჭვირვალე მეტაფორად რომ წარმოისახებოდა:
`შენ არა მღერი, ძლივს ჩურჩულებ მოგუგუნე ორკესტრის ფსკერზე, ვალტორნების და საყვირების წყალდიდობამ ლამის წაგლეკოს. შენ არა მღერი, ძლივს ჩურჩულებ და დირიჟორის მაღალი ხელი გიბრძანებს კვლავაც: ჰობოი ჩუმად, ძალიან ჩუმად! შემკრთალი ელი იგივე დღის შემობრძანებას!~
ყოველი დღე შიშის ახალი ტალღაა, ყოველი ახალი ნაბიჯია უსახურობისაკენ, თუკი როგორმე არ დაემალე.
ერთგვაროვნებას გაუდაბურებია ირგვლივ ყველაფერი, თითქოს მართლაც ერთ კამერტონზე აწყობილს ჰგავს ყოველი დღე, და თუ წამიერად დაუვლის ქალაქს ჟრუანტელტვტთ ფრინველთა ციურ ქოროს გალობა, ისიც ისე ჩაიკარგება, თავისკენ ვერავის გაიყოლიებს და ჰობოის ისედაც ჩამქრალი ხმა სულ უნდა მიილიოს, გულიდან ერთბაშად ამომსკდარი გოდებაც უნდა ჩაინაცროს, რათა `დირიჟორის~ ხელმა მთლად არ შემუსროს.
`შენ არა მღერი, მთელი ხმით მოთქვამ და ტირილის ხმა ფრთამომსხვრეული ფრინველივით აწყდება ფანჯრებს… ჰობოი ჩუმად, ძალიან ჩუმად!~
ასეთ გარემოში სიჩუმესა და მარტოობას ოილად ვინ დაგანებებს და სასოწარკვეთილი სული ამიტომაც იწყებს ფიქრის სამყაროს აგებას _ აქ სახლიც ფიქრისაა, ღრუბლებიც, ქარიც, მდინარეც ფიქრის, ფოთლებიც, სინათლეც, წიგნებიც, სიზმარიც… ლირიკული გმირი უკვე გათქვეფილა თავის წარმოსახვებში და რეალურად გამოსახავს ფიქრის ყოველგვარ ხატსა და კონტურს, რათა მის სიღრმეში ჩამალოს ნამდვილი ფიქრები: აბურდული, დრამატული, დაუშოშმინებელი, სინათლისკენ მლტოლველი _ და თავშესაფარი ერთადერთ საცხოვრისად გადაექცეს.
ვედრება _ `ჰობოი ჩუმად, ძალიან ჩუმად!~ _ აღარც არის აუცილებელი და უკვე ის ვეღარ აუხსნია, ფიქრში მობორიალე სიტყვის გარდა თუ კიდეც შეიძლება მისი გამოთქმა:
`როდემდე უნდა მოეხმაროთ სიტყვებს ყვირილით, ერთ მშვენიერ დღეს უთქვენოდ რომ დარჩებიან სქელ წიგნებში თქვენი სიტყვები, შეძლებდნენ თქვენი გულისცემის განმეორებას?! თურმე თქვენი ღრიანცელი ცაში გროვდება, ინახება, არ იკარგება. არ გეშინიათ, ერთხელ უკან რომ დაბრუნდეს და…~
ასე იელვებს იმ სასტიკი და უსახური გარემოს დამსხვრევის მოლოდინი, ცრუ, გამოფიტული სიტყვების გარდუვალი აღსასრულის იმედი… და ფიქრში აგებულ სამყაროთაგან დაედება დასაბამი ახალ წესრიგს, ცხოვრების ახლებურ მდინარებას _ მართალს, წრფელს, შეუმღვრეველს… მაგრამ `როგორ გინდა განვლო ეს ჭაობი, რომ ფეხიც კი არ დაისველო, კოჭებამდეც კი არ ჩაეფლო, როცა მრავალი უკვალოდ გაქრა, ამ ჭაობში გაუჩინარდა. როგორ გინდა თანამგზავრები დააიმედო, როცა იმედზე დაფიქრებაც კი იძირება~.
განწირულება ასდევნებია იმედს და ფიქრიანი კაცის სახება _ ლირიკული გმირის ყველაზე მკაფიო იპოსტასისა _ ამიტომაც ივსება ტრაგიკული განგაშითა და ნაღველით. მართალია, სიტყვა მხოლოდ ფიქრში ახერხებს გულისცემის განმეორებას, მაგრამ გულისცემა თუ დაიწრიტა და ფიქრთა სამყაროებიც ისე გაქრა, კვალი ვერ დააჩნია ნაცრისფერ გარემოს, ფიქრიანი კაცი მონოლითური სახე კი არა, წამიერი და ამაო გამონათება ყოფილა. და თუმც მოწაფე გამოუჩნდება დამტირებელი, ისიც ფიქრში თუ დაიტირებს მის მართალ, ოღონდ დამარცხებულ სიცოცხლეს.
ფიქრებში დიდი სარდალი იყავ,
ფიქრებში დიდი პოეტი იყავ,
ფიქრებში ყოვლისშემძლე იყავ,
მარტოოდენ ფიქრებში.
ეს ნაღვლიანი მოთქმა ხელშესახებად განაცდევინებს ლირიკულ გმირს, რომ ფიქრს კოშკის სიმკვიდრე და შეუვალობა ილუზიაა და სხვა არაფერი; და თუ გულში არასოდეს გაუვლია მისი სიმტკიცის შერყევა, ეს იმიტომ რომ თვითონვე ერჩივნა ილუზიის ბანგი. მაგრამ მყიფე ოცნება ადრე თუ გვიან გაიფანტება და ფიქრის კოშკის ტორტმანი მისი გარდუვალი დაშლის, ფესვებიანად მორღვევის დასაწყისად იკვეთება.
რა შემოაბრუნებს ფიქრისა და ოცნების დაბერებით გათანგულ სულს, რა გაიყვანს უიმედობის ჩიხიდან, რა შეიჭრება სიცოცხლის ნაკადად ქუფრ ხილვებში და განახლების წყურვილს რა დაუშოშმინებს?!
რადა: ამ სიმარტოვესა და მდუმარებაში ერთხელაც გაისმის სახელი (სატრფოსი? ღმერთის?), სევდანარევი და შორეული აკორდივით (სატრფოსიც… ღვთისაც…) და უეცარი შუქით შეავსებს ნაცრისფერ დღეს.
მანამდე შუაღამის ტყეში გზააბნეული მგზავრივით რომ მიისწრაფებოდა ღამის წყვდიადში მოკიაფე კენტი ვარსკვლავისაკენ, ვარსკვლავი კი სულ შორდებოდა და შორდებოდა, აღარ იცოდა, ძალ-ღონე გაწვდებოდა თუ არა, მაგრამ ახლა ფიქრის დაგმანულ კოშკში უეცარი შუქის პოვნამ სული ღვთაების მძაფრი მონატრებით აღუვსო და საკუთარ არსებაში შეიცნო გასხივოსნების მადლი.
შენ შემოდიხარ ჩემში,
როგორც სინათლე წვეთში.
ჯერ სიმარტოვეში გამოკეტილი სული უნდა ეზიაროს ნათლის შეგრძნებას, რათა ფიქრებით მოქსოვილი სივრცე ამიერიდან მზის აბლაბუდას გაუიგივდეს და მასში ზარებმაც ჩამორეკონ და თვალდათვალ ამოიმართოს ეკლესიაც _ ღმერთის პოვნით განახლებული რეალობის აუცილებელი სახე-ნიშანი, მეტაფორათა სათავეს რომ გადაეწვნის და ყოველივე უკვე სამ სამზერიდან განისჯება: `…გულს ჩემსას _ ფიქრის საყდარს და თვალებს, როგორც ამ საყდრის სარკმელს…~
წვეთი ერთ პოეტურ ხილვაში ადამიანის სულია, სხვა ხილვაში ჩვენთვის დაღვრილი უფლის ცრემლი, თუმც განა ეს ერთი და იგივე არ არის? სინათლის ხელახალ შეგრძნებამდე წვეთს აღარ ახსოვს თავისი წარმომათლობა და ახლა ის პირვანდელი სახე უნდა აღიდგინოს, მარადისობის წაუშლელი ნამცეცი, თუკი ღვთიური წარმოშობა საბოლოოდ არ დაგვიწყნია. ოდესღაც ეს სინათლე მასშიც რომ კამკამებდა, დამთრგუნველმა სინამდვილემ ამოუგდო გონებიდან და ახლა ეს ხელახალი შეგრძნება, სინანულის ემბაზში ამოვლებული, უჩვეულო სიხარულით აღიტაცებს: `დამიბრუნდა სინანულის შუქი, უფალთან რომ აახლოებს სულს~. სწორედ ასე: `დამიბრუნდა~ და არა `მომევლინა~.
გზა მოძებნილია და ისევ საკუუთარ სიმყუდროვის ქსოვა, ისევ ფიქრის პარკში ფუსფუსი აღარ არის სასოწარკვეთით შეზავებული, სიჩუმის უხილავი ძაფი ლირიკული გმირის სულს იმ სიტყვაზე მიაბამს, პირველად რომ აღმოცენდა სამყაროში და დუმილის, ფიქრის, მარტოობის კოშკი უკვე სულ სხვა თავშესაფრად ქცეულა _ უფლის სიტყვებს რომ აღუვსია.
თვალითხილული სინამდვილე და სულიერი რეალობა უკვე აღარასოდეს მოწყდება ერთმანეთს.
და სიცოცხლე მარტოოდენ ფიქრებში აღარ ჩაივლის.
რელიგიური შეფერილობა ყველა ლექსში ისე მკვეთრად არ არის გამოხატული, როგორც სინანულის ციკლში, მაგრამ მკაფიოდ გაიელვებს მეტაფორულ სახეებშიც (`ღრუბლის ჩრდილია, რომ გადადის მთაზე ბერივით~, `ჩამავალ მზის ლალი და ქარვა კენწეროების დიდებულ ჯვრებთან~, `და ვარსკვლავები ხსოვნის ნიშნებად უხმო ლოცვაში დაციმციმებენ~…), ელეგიურ თუ ექსტაზურ განწყობილებებშიც და იმ ჰარმონიის ძიებასა და განცდაშიც, ყოველი დღე სასწაულს რომ ედრება.
ამ მრავალფერად, ღვთის ცრემლთაგან შექმნილ დღეს ერთნაირ შარავანდად ადგას მზეც და ბალახიც, როგორც სამყაროს საოცრებათა თავთავისებური გამჟღავნებანი; და ყოველი პეიზაჟი, თვალხილულიც და სიმბოლურიც, ორივეს მადლითაა დაფერილი:
სხივია მზისა, ჩუმად რომ მღერის
და მოყვითალო ბალახის ღერი
ბაღს უნაზესი შუქით ანათებს.
ის, რომ ბალახიც სასწაულია ამ ქვეყნად; რომ ბალახიც _ ამ საკვირველი არსით და ზოგადი მნიშვნელობით _ ზეცის ტოლია; რომ ბალახსაც აქვს თავისი ნაბიჯები, და მის ჩრდილქვეშაც დიდი ვნებანი შეიძლება დატრიალდეს, დღეს აღარავის აოცებს, რადგანაც ეს ჭეშმარიტება მართლაც უჩვეულო ექსტაზით ამოთქვა პოეტმა-წინასწარმეტყველმა. მაგრამ არსებობს განმეორებანი და არსებობს პოეტური გათავისებანი, როცა შენს სულში გამოტარებული ხილვა ან სიმბოლური ხატი ახლებურად იმოსება და ძალდაუტანებლად გადაეწვნის პირად შეგრძნებებსა და შთაბეჭდილებებს. ამიტომაც ლირიკული გმირი თვითონვეა გაკვირვებული ბალახის ხილვით, თუნდ ბალახი იმ წამს სულაც არ ანთებდეს ბაღს მზის სხივივით.
ამ ჰარმონიას, ლექსის სულის დაწმენდილობას კიდევ უფრო გამოჰკვეთს ვერსიფიკაციული დახვეწილობა და წესრიგი, მიდრეკილება ფაქიზ ნიუანსთა გამოსახვისკენ, რაც ყოველთვის იყო ნიშანდობლივი გივი ალხაზიშვილის პოეტური სტილისათვის. და ახლა, როცა შინაგანი სწრაფვა, ფიქრის ღრმა ტალანთა გავლით, სინათლის ნაკადს შეუერთდა, მონანიების, გამოსყიდვის წყურვილი და მით მოპოვებული სულიერი სიმშვიდე სწორედ შესაფერის, ნატით გარსში მოექცა.
ამ ახალ სინამდვილეში აღარც ვარსკვლავია შორეული და მიუწვდომელი, აღარც კენტია, და მათ ციმციმშიც ცრემლის კვალი ირეკლება, ღვთის ცრემლის. ამიტომაც უკვე მახლობელია და ლირიკულ გმირს შეუძლია ღამის თვალებშიც ჩაიკარგოს ვარსკვლავთ საკრეფად და ისიც ეგონოს: `ახლაც ვარსკვლავი იქ იბადება, სადაც ხვდებიან ჩვენი თვალები~. და ეს ისეთივე უშუალოდ განცდებია, როგორც იდუმალ ხმათათვის მიყურადება:
მე სიმარტოვის საკანში ვრჩები
და ვარსკვლავების ფსალმუნი მესმის.
ყოველივე ერთმანეთს შერწყმია და შენივთებია და სიმარტოვის საკნიდან, ფიქრთა სამყაროდან, პიროვნების სულიდან საბოლოოდ განუდევნია შიში, ძრწოლა, სასოწარკვეთა. და თუ ფიქრი გულიდან გულში ხეტიალობს, არა იმიტომ, თითქოს ნავსაყუდელი ვერ უპოვნია და უმიზნოდ აწყდება აქეთ-იქით, არამედ: სულთა ხმებსა კრებს და ირეალურ ხილვათა შუქით ივსება.
ამ ახალ გარემოში ყველაფერი ამოძრავებულია: სიჩუმეს საკუთარი სუნთქვაც კი ესმის და გულისცემაც ისე ერწყმის ფიქრს, რომ იგი ფეთქავს. და თუკი ლირიკული გმირის ხედვაში `დნება, დნება ყოველივე: სახლი, ვარსკვლავი და სიტყვაც დნება~, ეს უიმედობას კი აღარ უღვიძებს, განახლების ნიშნებად აღიქვამს (`და ჰაერი ინახავს სიტყვებს წიგნებზე დიდხანს დროისა და სივრცის სუნთქვაში~), და მის სახეზე ჩქერალივით იღვრება სიცოცხლის საგალობელი:
მოვიდა ჩემი მახარობელი,
მიმოიფანტა ნათლის წვეთებად,
წვიმს ვარსკვლავებად ზესთასოფელი
და უშორესზე შორს იხედება.
თვითონ ვარსკვლავებს ჩამოაქვთ ზეციური საიდუმლო და ფიქრიც დაუსაბამოდ ილტვის და ილტვის… ყოველი ნაგებობა, ყოველი ნაკვთი და ხატი აქამდეც როგორც მოხდენილად გამოეკვეთა ფიქრს თავისი გრძნეული არსიდან, მაგრამ აქ არ იდგა ეკლესია, არც ზარები რეკდნენ და ვერც ვარსკვლავთა ფსალმუნი მოისმოდა, ვიდრე სინანულის ემბაზში ამოევლებოდა ლირიკული გმირის სული, შინაგანად განათდებოდა და ამ შუქზე გახედავდა სიცოცხლის გაჩენასაც და უსაზღვროებასაც.
`მე ვერ გამოვცდი უფალს ჩემსას და სასწაულის ხილვას არ შევთხოვ. სასწაულია ყოველივე, რაც მუდამ მიყვარს _ მზე და ტყეები, ვარსკვლავები და შენზე ფიქრი…~
1996

Комментариев нет:

Отправить комментарий