понедельник, 24 января 2011 г.

პაოლოს ტყვია -"ნამდვილი ვაჟკაცი ყოფილა ყველას გვაჯობაო"

„იქ, სადაც სდუმან პირამიდები მზის ქორწილის დროს, მე დავწვები მზისფერ სილაზე
იქ, სადაც სდუმან პირამიდები
შენ მომინდები,
შენი თვალები, შენი მკლავები, შენი სინაზე“.
პაოლო იაშვილი
იდგა 1937 და თბილისი სისხლისა და ღალატის სუნით იყო გაჟღენთილი. ბოტანიკური ბაღის ნახევრად დამშრალ ჩანჩქერთან ხშირად ხედავდნენ ახალგაზრდა, ჩაფიქრებულ პაოლოს, რომელიც დადარდიანებული გაჰყურებდა მახათას მთას და ხვდებოდა, რომ ცისფერი მუზები, უზარმაზარი ჭაღებით განათებული დარბაზები,  ყავახანები და გულწრფელი მეგობრობა რაღაც სხვა, ყოვლად ბოროტმა და ამოუხსნელმა ტრადიციამ ჩაანაცვლა. ტრადიციამ, რომელსაც სათავე ბოლშევიკებმა ჩაუყარეს და რომელიც საქართველოსთვის საჭირო ადამიანების ხალხის მტრებად გამოცხადებას გულისხმობდა. ამის ატანა კი ბევრს არ შეეძლო და ვერც პაოლომ აიტანა.
„წიწამურთან რომ მოჰკლეს ილია“
როგორც გერონტი ქიქოძე იგონებს, შემდეგ, როცა ქართული ინტელიგენციიის ბედის ბორბალი ბოლშევიკებმა უკუღმა დაატრიალეს, პაოლო ხშირად ნანობდა, რომ თავის დროზე არ მიიღო სასიკვდილო ტყვია: „ერთხელ შემოდგომაზე პაოლო იაშვილი და მე ტყის ქათამზე ვნადირობდით წიწამურის ტყეში, იმ ადგილის მახლობლად, სადაც ამჟამად ილია ჭავჭავაძის ობელისკია აღმართული. მშრალი დარი იდგა და ჩვენმა ინგლისურმა სეტერმა ვერც ერთი ტყის ქათამი ვერ წამოაფრინა. შუადღისას დაქანცულობა ვიგრძენით, ერთი ხის ძირში ჩამოვჯექით პატარა ველის პირას და თავის გასართობად ორ-სამჯერ თოფი ვესროლეთ ბუჩქზე მიმაგრებულ თამბაქოს კოლოფს. ორიოდე წუთის შემდეგ შევნიშნეთ, რომ ტყის სიღრმიდან ორი თოფმომარჯვებული კაცი გვიახლოვდებოდა ფეხაკრებით. როდესაც ჩვენთან მოვიდნენ, გვითხრეს, ველზე მორბენალმა ძაღლმა გადაგარჩინათ. შორიდანვე რომ არ დაგვენახა, უსათუოდ დაგხოცავდითო. საქმე ის ყოფილიყო, რომ წინა დღით ყაჩაღებს წიწამურის გზაზე მიმავალი მეურმეები გაუძარცვავთ და მცხეთის მილიციას ტყეში საგანგებო დარაჯები დაეყენებინა. პაოლო იაშვილი შემდეგ ხშირად გულწრფელ სინანულს გამოთქვამდა, რომ ის ტყვიის მსხვერპლი არ გახდა ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ადგილას“.
ლუქსემბურგის ბაღი და ბოდლერი
საერთოდაც ქიქოძის მოგონებებში პაოლო ძალიან ცოცხალი და არტისტულია. მდიდარი ფრამაცევტის შვილი ხშირად დაუნანებლად გასცემდა ფულს მეგობრებში და ამის გამო კიდევ უფრო ხშირად რჩებოდა თავად უფულოდ. ცნობილია, რომ მან ქუთაისის მამისეული ორსართულიანი სახლი ჟურნალ „ცისფერყანწებს“ დაუთმო.
გერონტი ქიქოძე იხსენებს პაოლოს პარიზულ წლებსაც, როცა ლათინურ უბანში პანთეონის მახლობლად ესტრაპადის ქუჩაზე მცხოვრები პაოლო ხშირად იჯდა ლუქსემბურგის ბაღში პოლ ვერლენის ძეგლის მახლობლად და აუზში მობანავე ბეღურებს უყურებდა, თუმცა ის მაინც ბოდლერზე გიჟდებოდა და მისი „დაწყევლილი პოეტების დასაფლავება“ უყვარდა. „იმ საათში, როდესაც უბიწო ვარსკვლავები თავიანთ დამძიმებულ თვალებს ხუჭავენ, ობობა თქვენს საფლავზე სუდარას ქსოვას დაიწყებს, ხოლო გველი თავის წიწილებს გამოჩეკს, მთელი წლის განმავლობაში თქვენს შეჩვენებულ თავზე მგლები და მშიერი კუდიანები იყმუვლებენ“. ეს სიტყვები კი მომავალში მართლა წყევლასავით აუხდა პაოლოს.
ბერიას ვნებებს შეწირული ინტელიგენცია
როცა ჩვენ უშიშროების არქივში ბუდუ მდივანის საქმეზე ვმუშაობდით, საინტერესო მასალებს წავაწყდით ბერიას უიღბლო სიყვარულზე და მაშინ ამაზე საკმაოდ ვრცელი სტატიაც დავბეჭდეთ. ამავე სისხლის სამართლის საქმეში საინტერესო მასალებს მივაკვლიეთ პაოლო იაშვილზეც. საქმე ისაა, რომ ბერიას ვლადიმერ ჯიქიას მეუღლე უყვარდა და ყველაზე ეჭვიანობდა, ვისაც კი ამ ქალთან რაიმე შეხება ჰქონდა. ის ეჭვიანობდა გრიგოლ ელიავაზეც, პროფესორსა და ბაქტერიოლოგზე, რომელიც ვლადიმერ ჯიქიას მეგობარი იყო. სატელეფონო საუბრებში ის ხშირად ეუბნებოდა თინათინს, რომ მას ელიავასთან ბერიასგან განსხვავებული ურთიერთობები ჰქონდა.
ამ ავადმყოფურ ეჭვიანობას გოგი ელიავას სიცოცხლე მაინც შეეწირა და არამარტო მისი. ოცდაჩვიდმეტ წელს ის დახვრიტეს სამშობლოს ღალატის ბრალდებით და აიძულეს, მიეცა ჩვენება, სადაც ის ყვებოდა, როგორ გახდა საფრანგეთის აგენტი. აგენტურული საქმიანობის დასახვეწად გაემგზავრა საფრანგეთში, საქართველოში დაბრუნებულმა კი 65-კაციანი აგენტურული ჯგუფი „შექმნა“. ამ ჯგუფის შემადგენლობაში შედიოდნენ ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი,  აკაკი შანიძე, გოგლა ლეონიძე... ელიავას  სახელი იყო აგენტი „68“ – ოტელო. თუმცა ეს ის ჩვენება გახლდათ, რომელიც რეალურად საბჭოთა მთავრობამ შექმნა. სხვათა შორის, თავის დროზე გოგი ელიავას ეგონა, რომ ცეკაში ის მეგობარმა პაოლო იაშვილმა დაასმინა. ამ მასალებში ნახსენებია ისიც, რომ ამ ბრალდებით შეურაცხყოფილმა ცნობილმა პოეტმა მწერალთა კავშირის შენობაში თავი მოიკლა. თუმცა ცხადია, მისი თვითმკვლელობის მიზეზი მხოლოდ ეს არ ყოფილა.
ინტელიგენციის პარტიული არქივი
გაიზარდო მდიდარ ოჯახში, მიიღო განათლება საზღვარგარეთ, იყო პოეტი და გიყვარდეს სამშობლო, ეს საკმარისი მიზეზები იყო კომუნისტებისთვის, რომ პაოლო მათთვის შესაჩვენებელი გამხდარიყო. უშიშროების პარტიულ არქივში ყველა სფეროში მოღვაწე ადამიანებზე ინახება მონაცემები, სადაც მითითებულია მათი „ჯაშუშური საქმიანობების შესახებ“. ამ დოკუმენტების მიხედვით, ქართველ მწერლებს
შორის არსებობდა ფაშისტური ორგანიზაცია, ამ კონტრრევოლუციურ ორგანიზაციაში კი შედიან მწერლები – მიხეილ ჯავახიშვილი, პაოლო იაშვილი, ნიკოლო მიწიშვილი, არჩილ მიქაძე, რომლებიც საფრანგეთის, პოლონეთის, გერმანიის, იტალიის აგენტები არიან. დაპატიმრებულ მიხეილ ჯავახიშვილს სასურველი ჩვენება წამების შედეგად მალე ჩამოართვეს და შემდეგ დახვრიტეს კიდეც. მისი ჩვენების მიხედვით კი უცხოელებთან მოლაპარაკებების წარმოება თავის თავზე პაოლო იაშვილს ჰქონდა აღებული. ამით მიიღეს იტალიური ფაშიზმის პროგრამა, რომელიც ქართული რეალობისთვის უნდა შეესაბამებინათ. მის ჩვენებებშია, აგრეთვე, ნათქვამი, რომ  სწორედ პაოლომ დააკავშირა ისინი პოლონეთის, გერმანიისა და იტალიის კონსულებთან. თუმცა პაოლომ მანამ მოიკლა თავი, სანამ მიხეილ ჯავახიშვილს დახვრეტდნენ. რადგან მას არ შეეძლო იმ ზიზღის ატანა, რომელსაც საზოგადოებაში მის წინააღმდეგ თესდნენ. თავი საკუთარი ორლულიანი თოფით ზუსტად მაშინ მოიკლა, როცა მწერალთა კავშირის შენობაში სტალინის სადიდებლად შეკრებილი ინტელიგენცია ტაშის კვრით ხელისგულებს იტყავებდა და მასა და დანარჩენ პატრიოტებს მოღალატეებსა და ხალხის მტრებს უწოდებდა. როცა ეს ამბავი მიხეილ ჯავახიშვილმა შეიტყო, ხმამაღლა თქვა: „ნამდვილი ვაჟკაცი ყოფილა, ყველას გვაჯობაო“. სიკვდილის წინ კი ჯავახიშვილმა მართლა გენიალური სიტყვები დატოვა: „მე უდანაშაულო ვარ ქართველი ხალხისა და ჩემი სამშობლოს წინაშე! რადგან ზვარაკია საჭირო, მზად ვარ, საქართველოს თავი შევწირო, თქვენ მე მომსპობთ, მაგრამ იმას ვერასოდეს წაშლით, რაც დავტოვე. საქართველოს მიწა-წყალზე ისეთი მუხა დავრგე, რომლის ფესვებს ვერასოდეს აღმოფხვრით“.

Комментариев нет:

Отправить комментарий