воскресенье, 10 апреля 2011 г.

კიტა აბაშიძე - " ილია ჭავჭავაძე და ლევ ტოლსტოი "


(ოთარაანთ ქვრივი და პლატონ კარატაევი)
I
უეჭველია, ყველას ეუცხოვება ასეთი დაპირდაპირება. ბევრს კიდევაც ემწუთხება. ეუცხოვება იმიტომ, რომ მართლაც ი. ჭავჭავაძის და ლ. ტოლსტოის შორის განსხვავების მეტი არაფერია და ეს განსხვავება იმდენად დიდია, როგორც რუსეთის ,,სტეპსა» და ჩვენის სამშობლოის მთაგორიან, ათასფერად აჭრელებულ ბუნებაში; ისეთი დიდია ეს განსხვავება, როგორც ქართველსა და რუსში, მათ თვისებასა და არსებაში. ეუცხოვება ეს შედარება მათ, ვინც მკრეხელობადაც კი მიიჩნევს ტოლსტოის სახელთან ილიას სახელის ხსენებას.
ადამიანს ჯერ არ გამოუგონია ისეთი ინსტრუმენტი, რომლის შემწეობითაც შესაძლებელი იყოს ორის ნიჭის შედარება, აწონ-დაწონვა. შეუძლებელია სთქვა, არა თუ მათემატიკურის, უბრალო დაახლოვებულის სინამდვილითაც კი, რამდენი ერთეულით სჯობს ერთი ნიჭი მეორეს.
ლ. ტოლსტოის დიდ ნიჭიერების უარისყოფა რუსეთის სინოდსაც კი არ შეუძლია, მაგრამ ვერც ილია ჭავჭავაძის დიდის ნიჭის წინააღმდეგ იტყვის ვინმე ქართველი. ხოლო ტოლსტოი, შეიძლება, ისე ძვირფასი არც კი იყოს რუსისათვის, როგორც ილია ქართველისათვის. რაიცა შეეხება მსოფლიო მნიშვნელობას, ამაზედ ვერას ვიტყვით. ლ. ტოლსტოი კი არა, პოტოპენკოც და მსგავსნიც კი იქცევენ ევროპის ყურადღებას. მაშასადამე, ტოლსტოის დიდი ნიჭი აქ არაფერ შუაშია. რუსეთი, როგორც დიდი სახელმწიფო, ძალაუნებურად იპყრობს ქვეყნის ყურადღებას.
ჩვენ არც კი გვიკისრია ამ ორის მწერლის შედარება. ჩვენ გვსურს მხოლოდ დაუპირდაპიროთ ორ საეროვნო მწერლის მიერ ხალხის გულიდამ ამოღებული ტიპები.
რუსის ხალხის წარმომადგენელად ტოლსტოიმ დაგვიხატა პლატონ კარატაევი, რომლის წინაშეც მუხლს იყრის, ვითა უდიდესისა და უმაღლესის ძალის წინაშე. პლატონ კარატაევი (და აკიმა ,,ბნელეთის სამეუფოისა», თედორე ,,ანნა კარენინასი») იგივე რუსის ,,მუჟიკი», ტოლსტოის აზრით, განგებისაგან მოწოდებულია ,,დამპალის» ევროპის კულტურის გარდამქნელად და განსაახლებლად. იმავე ,,მუჟიკის» წყალობით თვით ტოლსტოიც მოინათლა და გარდაიბადა, მისი შემწეობით თვით ტოლსტოიმ მოიპოვა აღშფოთებულის სულის დამაამებელი და დამამშვიდებელი იდეალი .
ოთარაანთ ქვრივი ქართველის ხალხის წარმომადგენელია, ჭირსა და ვარამში გამოწრთობილი, უბედურებაში გაკაჟებული. ოთარაანთ ქვრივს (გაბოს, კაკოს, ზაქროს იმავე ქართველ გლეხებს) საუკუნების განმავლობაში ბრძოლამ თავის დაცვისამ და მრავალწლოვანმა კულტურამ, ცხოვრებისათვის ბრძოლისა და ჭიდილის მიუცილებლობა სავსებით შეაგნებია. ოთარაანთ ქვრივში ( გაბოსა, კაკოსა და ზაქროში) ილიამ მთელი თავისი ცხოვრების ფილოსოფია გამოხატა, როგორც ტოლსტოიმ პლატონ კარატაევში (აკიმსა და თედორეში). გავითვალისწინოთ ეს ორი ტიპი, წარმომადგენელნი ორი ერისა და დავინახავთ არათუ იმ უფსკრულს, რომელიც არსებობს ამ ორ ერსა შორის, არამედ იმ ღრმა განსხვავებასაც, რომელიც ორ სხვადასხვა პოლუსზე აყენებს ორ დიდებულ მწერალს, მათ ფილოსოფიასა და სულის კვეთებას.
ოთარაანთ ქვრივი მოთხრობის შესავალიდამვე ასე გვიხასიათებს თავის თავს: ,,მე მარტო ისა ვარ, რ ო მ ჩ ე მ ს ჯ ა ვ რ ს ა რ ა ვ ი ს შ ე ვ ა რ ჩ ე ნ, ტ ყ უ ი ლ უ ბ რ ა ლ ო დ ა რ ა ვ ი ს დ ა ვ ე ჩ ა გ ვ რ ი ნ ე ბ ი (ხაზი ჩვენ გვეკუთვნის-კ.ა.), ,,თუ გაჭირდა, რკინის ჯოხს ავიღებ ხელში და ხელმწიფემდი ვივლი». სოფელმაც კარგად იცოდა, რომ ოთარაანთ ქვრივს ტყუილუბრალო ბაქიობა და მუქარა არ უყვარდა, იმისი თქმა და ქმნა ერთი იყო».
ამიტომაც არათუ სოფელი ერიდებოდა, სოფლის ბატონი და პატრონი _ გზირი და მამასახლისიც კი ისე ჰყავდა შეშინებული, რომ, რაც გინდ დიდი საქმე ჰქონოდათ, ,,ოთარაანთ ქვრივის ეზოში ვერ გაიწაწანებდნენ და თუ როგორმე გაბედავდნენ, ისეთს ალიაქოთს ასტეხდა, რომ ბედსა და თავს დააწყევლინებდა».
ოთარაანთ ქვრივის არსებითი თვისება სწორედ ეს გახლდათ, რომ ,,თ ა ვ ი ს ს ჯ ა ვ რ ს ა რ ა ვ ი ს შ ე ა რ ჩ ე ნ დ ა დ ა ტ ყ უ ი ლ ა უ ბ რ ა ლ ო დ ა რ ა ვ ი ს დ ა ე ჩ ა გ ვ რ ი ნ ე ბ ო დ ა». მთელი მისი აღშფოთებული მებრძოლი ბუნება სულ იმის დევნაში იყო, ვინც მცონარე, ლაჩარი, სხვისი ხელის შემყურე იყო.
მაგრამ ,,მაშვრალთა და ტვირთმძიმეთ» კი დიდის სიბრალულითა და გულმოწყალეობით ეპყრობოდა: ამათ ის ნამდვილ, აქტიურ დახმარებასა და შემწეობას უჩენდა. განსაკუთრებული ქისაც კი ჰქონდა, სადაც ,,ღარიბთა გასაკითხ» ფულს ინახავდა. მისთვის ყოველივე სენტიმენტალური წრიპინი საზიზღარი იყო, თვით მხნე და ლომი დედაკაცი სიტყვების რახარუხს არას დაგიდევდათ. იმისთვის საქმესა ჰქონდა მნიშვნელობა და იმდენზედ მობეზრებული ჰქონდა ქვეყნის ქალაჩუნობა, რომ რაც უნდა მადლი ექმნა, უთუოდ პილპილს მაინც მოაყრიდა.
,,ტკბილი სიტყვა რა არისო», იტყოდა ხოლმე ოთარაანთ ქვრივი: ა მ გ ა მ წ ა რ ე ბ უ ლ ს წ უ თ ი ს ო ფ ე ლ შ ი ტ კ ბ ი ლ ი ს ხ ვ ა რ ა ა რ ი ს, რ ო მ ს ი ტ ყ ვ ა ი ყ ო ს. (ხაზი ჩვენია კ.ა.) რას მიჰქვიან ტკბილი სიტყვა! თვალთმაქცობაა, სხვა არაფერი. ტკბილი სიტყვანუგეშია, კაცს გულს მოჰფხანს. გულის ფხანა რაღა დარდუბალაა! ფხანა ქეცმა იცის. ნუ გაიქეციანებ გულს და ფხანაც საჭირო არ იქნება. სიტყვა სამურველი ხომ არ არის, _ მოსაკიდებელი ჩანგალია, რომ გული ან აქეთ მისწიოს, ან იქით. თორემ ობი მოეკიდება, როგორც კიდობანში დავიწყებულს პურებს. გული ადგილიდამ უნდა მისძრას-მოსძრას კაცმა, თუ კაცს კაცის სიკეთე უნდა»...
ასეთი გარეგანი სისასტიკე და სიმკაცრე სრულიადაც ხელს არ უშლის, არსებითი და გულითადი თანაგრძნობა და დახმარება აღმოუჩინოს ყოველ გაჭირვებულს.
გარეგანი მისი სისასტიკე ისეთს კეთილს გულს, ისეთს ღრმა გრძნობებს ჰფარვიდა, რომლის წინაშე მართლაც მუხლი უნდა მოიდრიკოს კაცმა. აბა გაიხსენეთ, რანაირის თავგადადებით უვლის ქმრისაგან დატოვებულ თოფ-იარაღს, რომელიც მისთვის სათაყვანებელის ადამიანის სახსოვარია; აბა, შეხედეთ, რანაირის ლმობიერებით და თავგანწირულებით ეპყრობა მის შვილ გიორგის ცოცხალს, და რანაირის თავდავიწყებით გადაჰყვება თან მკვდარსა. ასეთ ადამიანებს შუაგზაზედ შეჩერება არც შეუძლიათ და არც უყვართ. მათი გრძნობა უსაზღვროა და უკიდო, მაგრამ ეს გრძნობა მარტო ენაზედ კი არ აკერიათ, მთელი მათი არსება ამ გრძნობითაა გამსჭვალული.
ამ უბრალო სოფლის დედაკაცისათვის ერთადერთი იდეალი მისი ქმრის ანდერძია და განძი _ მისი შვილი. ამ იდეალს შეწირავს მთლად ერთიანად, სავსებით, უკან დაუხეველად მთელს თავის ცხოვრებასა და სიცოცხლეს, და ამნაირი ცხოვრება, ნამდვილი ადამიანური ცხოვრებაა. მხოლოდ ოთარაანთ ქვრივისთანა სრულს და მთელბუნებოვან ადამიანს შეუძლია აღასრულოს ნამდვილი დედა-შვილობა, ნამდვილი მეგობრობა და სიყვარული, ნამდვილი მამულიშვილობა და მოქალაქეობა. ყოველსავე, რასაც ხელს მოჰკიდებს მისი ძლიერი ბუნება, ყოველსავე სავსებით შესწირავს თავის ძალსა და ღონეს და ყოველსავე, რასაც კი ითავებს, სინდისიერად და წმინდად აღასრულებს.
ასეთი ადამიანები ჰქმნიან ცხოვრებას, ასეთნი, რომელთა ცხოვრების დევიზია, ,,ტყუილ-უბრალოდ არავის დაეჩაგვრინოს», გარდაჰქმნიან ხოლმე დამპალ ცხოვრებას და ახალს საუკეთესო საძირკველს ჩაუდგმენ. მათთვის ყოველგვარი დაჩაგვრა საზიზღარია, ყოველგვარ მტარვალობას წინააღუდგებიან, ესენი ნამდვილი ცხოვრების მეტოქენი არიან თუ ეჭვსგარეშეა ის მოვლენა, რომ ცხოვრება დაუსრულებელი ბრძოლაა ცხოვრების სხვადასხვა ძალთა, სხვადასხვა დარგისა და მიმართულების შორის. საცა ასეთი პიროვნება იშვიათია, ცხოვრება მიმქრალია და მოდუნებული; იქ ცხოვრება ჭენჭყოდაა ქცეული, სიცოცხლის მომწამვლელ და მომშხამველ ჭენჭყოდ. ასეთი იყო სიცოცხლით აღსავსე ოთარაანთ ქვრივი, ასეთი იყო უებრო მებრძოლი ამ გამწარებულ წუთისოფელში, ქვეყნის ტანჯვაში გამოზრდილი და ცხოვრების ვაებაში გამოწრთობილი ადამიანი.
ავიღოთ პლატონ კარატაევი ეს ტოლსტოის სათაყვანებელი გმირი, რომელიც, მისის აზრით, წარმოადგენს იმ სიღრმეს აზრისა და გრძნობისას, რომლის წინაშე მთელის ევროპის კულტურა გაკოტრებულად მიაჩნია.
მთელის მეცნიერებისა და ფილოსოფიის სწავლა ტოლსტოის იმ დასკვნამდე მიიყვანს, რომ ერთადერთი ხსნა ქვეყნად არის პლატონ კარატაევის ცხოვრების სიბრძნეში და რომ ერთადერთი შინაარსიანი ცხოვრება კარატაევის ცხოვრებაა. როგორი არის ეს ფილოსოფია და ცხოვრება, რომელიც ტოლსტოიმ დაუპირდაპირა კაცობრიობის ფილოსოფიასა და კულტურას? რაში გამოიხატება პლატოშას ეს სიბრძნე, რომელსაც ტოლსტოი სოლომონის და სოკრატის სიბრძნესაც ამჯობინებს.
პლატონ კარატაევი, პიერ ბეზუხოვის წარმოდგენით, ,,განხორციელება იყო ყოველისავე რუსულის კეთილისა და ,,დარგვალებულის»... გაცნობის მეორე დღეს რომ დაინახა პიერმა პლატონი, ,,პირველი შთაბეჭდილება რაღაც დარგვალებულისა ხელახლად განმტკიცდა მასში». პიერისათვის კარატაევი დარჩა სამარადისო სახსოვრად ,,ვითა მიუწდომელი დარგვალებული და საუკუნო სახე სიმართლისა და მარტივის სულისა».
რა არის ეს ,,დარგვალებული»? ამის ახსნა თვით ავტორსაც უჭირს, მაგრამ რაღაც მომხიბვლელის მისტიკურის ძალით კი მოსავს მას. ამის დამამტკიცებელი ისაა, რომ ეს თავისებური ჰამლეტი პიერ ბეზუხოვი რომელსაც ეჭვებითა აქვს მოწამლული ცხოვრება, პლატონ კარატაევის შეხვედრის შემდეგ გარდაიბადა და განახლდა; ,,უწინ მისთვის დამსხვრეული მსოფლიო, ეხლა ახალის ძალით გაბრწყინვებული, ახალს შეურყეველს საძირკველზედ შენდებოდა და მის სულში მოძრაობდა».
მთელი თვისება კარატაევისა გამოიხატება სრულს ინდიფერენტიზმში, პასივობასა და აპათიაში, იგი სრულის უსაზღვრო გულგრილობით ემონება და ემორჩილება ყოველს ძალსა და ხვედრს.
,,თავის დღეში არ დაფიქრდებოდა იმის შესახებ, თუ რა სთქვა, ან რა უნდა სთქვას და სწორედ ამიტომაც მის სიტყვებს შეურყეველი დამაჯერებელი ძალა ჰქონდა. მღეროდა ხოლმე ისე, როგორც ჩიტები გალობენ უთუოდ მარტო იმიტომ, რომ ეს მღერა მისთვის მიუცილებელი საჭირო იყო, როგორც გაზმორება, გინდ გავლა-გამოვლა... ხანდისხან დაიწყებდა ლაპარაკსა და ბაასს, მაგრამ სრულიად იმის წინააღმდეგს იტყოდა, რაც წინათ უთქვამს, მაგრამ მაინც ძველი და ახალი ნათქვამი ჭეშმარიტებით იყო აღსავსე... სრულიადაც არ ესმოდა იმგვარი გრძნობა დამოკიდებულებისა, მეგობრობისა და სიყვარულისა, როგორც ეს ესმოდა პიერს (და, მაშასადამე, ყოველ გონიერს ადამიანს), მაგრამ უყვარდა და სიყვარულით ეპყრობოდა ცხოვრებაში არა რომელსამე ამა თუ იმ პირს, არამედ ყოველს კაცსა, რომელსაც კი დაინახავდა... პიერი კარგად გრძნობდა, რომ, თუმც კარატაევი ძალიან სათნოებით ეპყრობოდა, ერთი წუთითაც არ მოიწყენდა, რომ მოშორებოდა... როცა კარატაევი ლაპარაკს დაიწყებდა, ასე ეგონებოდა კაცს, არც კი იცისო, რით გაათავებს. როცა პიერს პლატონის სიტყვების აზრი განცვიფრებაში მოიყვანდა ხოლმე, შეეკითხებოდა, სთხოვდა გამეორებას, მაგრამ არაფრით არ შეეძლო იმისი გახსენება, რაცა სთქვა ერთის წუთის წინ».
მთელი ფილოსოფია და მორალი კარატაევისა, რომელიც ბოლოს დროს, საუბედუროდ, ტოლსტოიმაც მიიღო და რომელიც ,,რუსულის სულის» განსაკუთრებულ საამაყო თვისებად მიაჩნია თვით ტოლსტოისაც, იმ ორ იგავში გამოიხატება, რომელსაც ხშირად იმეორებდა ხოლმე: ერთი შეეხებოდა მის ჯარისკაცად წაყვანას. ერთხელ პლატონი ხეების მოსაჭრელად სხვის ტყეში შეიპარა. დაიჭირეს, სცემეს და მერე ჯარისკაცად მისცეს (ბატონყმობის დროიდამ არის).
მწუხარებისა და სევდის ნაცვლად, პლატონის ამგვარად დასჯის გამო, თვით იგი და მთელი მისი ოჯახი სიხარულსა და შვებას მიეცნენ იმიტომ, რომ ამ შემთხვევის წყალობით ,,სალდათობას» გადარჩა წვრილშვილებით დატვირთული მეორე ძმა პლატონისა. ამ იგავს კარატაევი ამგვარის ფილოსოფიურის სენტენციით იწყებს: ,,მ ა თ ხ ო ვ რ ი ს გ უ დ ა ზ ე დ ა დ ა ს ა ტ უ ს ა ღ ო ზ ე დ თ ა ვ ი ს დ ღ ე შ ი უ ა რ ს ნ უ ი ტ ყ ვ ი ო» და ამნაირის მორალით ათავებს: ,,რ ა ჩ ვ ე ნ ი ს ა ქ მ ე ა, რ ო მ ვ მ ს ჯ ე ლ ო ბ თ, ე ს ა რ ვ ა რ გ ა, ი ს ც უ დ ი ა ო. ყ ო ვ ე ლ ი-ფ ე რ ი ი ღ ბ ლ ი ს ს ა ქ მ ე ა. ჩვენი ბედნიერება წყალში ცხრილს მიაგავს, მოსწევ , მძიმეა, ამოიღებ და შიგ არაფერია».
მეორე იგავი ერთის ვაჭრის ამბავს შეეხებოდა. ვინმე ვაჭარს უსამართლოდ შესწამეს კაცის მოკვლა და კატორღაში გაგზავნეს. იქ სიკვდილზედ მიღწეულ ამხანაგებს თავის თავგადასავალს უამბობს. მათ შორის აღმოჩნდება სწორედ ის ავაზაკი, რომლის ბოროტმოქმედებაც ვაჭარს მოახვიეს თავზედ. ავაზაკი დაეცემა მუხლებზედ, ბოდიშს მოიხდის და მთავრობასაც შეატყობინებს, მაგრამ ვიდრე მთავრობა მიწერ-მოწერას მორჩებოდეს, უდანაშაულოდ დასჯილი კიდევაც მოკვდება. უსამართლოდ დატანჯული ვაჭარი თავის ხვედრს მორჩილებითა და მოთმინებით იტანს: ,,მეო», ამბობს იგი, ვიტანჯები ჩემისა და სხვების ცოდვების გამო... ჰ გ ა ვ ს, ღ მ ე რ თ მ ა ჩ ე მ ი ს ც ო დ ვ ე ბ ი ს თ ვ ი ს დ ა მ ს ა ჯ ა ო». ხოლო სინანულში ჩავარდნილ ავაზაკს ეუბნება: ,,ღმერთი გაპატიებს, ხ ო ლ ო ჩ ვ ე ნ კ ი ყ ვ ე ლ ა ნ ი ც ო დ ვ ი ლ ნ ი ვ ა რ თ დ ა მ ე ც ჩ ე მ ი ს ც ო დ ვ ე ბ ი ს თ ვ ი ს მ ი ვ ი ღ ე ს ა ტ ა ნ ჯ ვ ე ლ ი» (ხაზი ყველგან ჩვენია. -კ. ა.) თუ კარგად ჩაუკვირდებით, ნახავთ, რომ ეს ფილოსოფია არის ფილოსოფია სიცოცხლის, ცხოვრების და ცხოვრებაში სიხარულის უარყოფისა. ყოველივე ტანჯვა ამ ფილოსოფიით უნდა მიიღო, ვითა შენის ცოდვების შედეგი და კანონიერი სასჯელი და, მაშასადამე, ყოველსავე ტანჯვას, ვაებას და წამებას კი არ უნდა შეებრძოლო და წინააღუდგე, სიხარულითა და მოთმინებით უნდა მიიღო. უბედურებას ნუ გაურბი იმიტომ რომ იგი შენის ცოდვების ღირსეული ჯილდოა ანადა იმიტომ, რომ შენის ტანჯვითა და ვაებით იქნება კიდევაც ვინმემ ისარგებლოს.
ამ ფილოსოფიის ლოგიკური დასკვნაა ის უცნაური ,,არა წინააღუდგე ბოროტსა», რომელზედაც დაახურდავა ტოლსტოიმ მთელი ქრისტეს მორალი და რომელიც მარტო და მხოლოდ რუსის დაბეჩავებულის, საუკუნეების მტარვალობის ქვეშ წელში გაწყვეტილის ხალხის სულის ფილოსოფიაა და სხვა არაფერი.
უსამართლობა იქნება ვსთქვათ, რუსეთის ხალხს მარტო პლატონ კარატაევები ჰყავდეს წარმომადგენელად, ის კი უეჭველი ჭეშმარიტებაა, რომ ტოლსტოიმ ეს თვისება რუსის ხალხისა პასიური ინდიფერენტიზმი, უენერგიობა და აპათიის გაღმერთება და ტანჯვა-ვაების წინაშე ქედის მოხრა დიდისა და მძლავრის ნიჭით გადაგვიშალა თვალწინ. მხოლოდ რუსეთის ხალხის ამგვარი ძირითადი თვისება, რომელიც ერთთავად ნაყოფია უკულტურობისა, ხდის შესაძლებლად ისეთს ისტორიულს მოვლენას, რომ მეოცე საუკუნეში რუსეთში იგივე ბარბაროსული რეჟიმია, რომელიც იოანე მრისხანის დროს იყო. ვინ იცის, ეს უცნაური თვისება ,,არა წინააღდგომა ბოროტისა» იქნება დამღუპველი შეიქმნეს რუსის ხალხისა.
სავალალო და სამწუხარო აქ ის არის, რომ ამ დამღუპველ თვისებას რუსისას, რუსეთის დიდებული მწერალი რაღაც მიუწდომელ იდეალად სახავს, კაცობრიობის განახლებისა და გარდაქმნის წამალს აქ იძიებს და თვით თავის თავის მაგალითზედ ეჭვით გულგანგმირული მიგვითითებს: ,,რუსის ხალხს მივმართე და იმ აზრს, რომელსაც ეს ხალხი აძლევს ცხოვრებასა და აქ მოვიპოვე ნავთსაყუდელიო». ეს ხალხი ცხოვრებას მძიმე შრომაში ატარებს, მაგრამ იგი ცხოვრების კმაყოფილია... ,,ყ ო ვ ე ლ ს ა ვ ა ვ ა დ მ ყ ო ფ ო ბ ა ს, უ ძ ლ უ რ ე ბ ა ი ს უ ხ ვ დ ე ბ ა, ა რ ა ვ ი თ ა წ ი ნ ა ა ღ მ დ ე გ ო ბ ა ს ა რ უ წ ე ვ ს; ა რ ა ფ ე რ ი ა რ ა ვ ი თ ა რ ე ჭ ვ ს ა რ ა ღ უ ძ რ ა ვ ს ხ ო ლ მ ე მ ა ს; ს რ უ ლ ი ს ს ი მ შ ვ ი დ ი თ მ ი ე გ ე ბ ე ბ ა ყ ო ვ ე ლ ს ა ვ ე დ ა ღ რ მ ა დ ა რ ი ს დ ა რ წ მ უ ნ ე ბ უ ლ ი, ყ ო ვ ე ლ ი ფ ე რ ი ი ს ე უ ნ დ ა მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ დ ე ს, რ ო გ ო რ ც ა რ ი ს, ა ქ ს ხ ვ ა გ ვ ა რ ა დ შ ე უ ძ ლ ე ბ ე ლ ი ა მ ო ხ დ ე ს რ ა მ ე, ყ ო ვ ე ლ ი ვ ე რ ა ც ა რ ი ს კ ე თ ი ლ ი ა».
აბა, თუ პირდაპირი ლოგიკური დასკვნა არ არის რუსეთის ხალხის უსაზღვრო მოთმინება ყოველგვარის დესპოტიზმისა?..
რამდენად უფრო მაღლა აყენებს ჩვენი დიდებული მწერალი ქართველის ერის წარმომადგენელსა, როცა მას სიცოცხლის მოსარჩლეობას აჩემებს და ბოროტის წინააღმდეგ მედგარ მებრძოლად გამოჰყავს. განა თუ ქართველ ერშიაც არ მოიძებნება ღვთისაგან და კაცისაგან მოძულებული ბეჩავი სოსია მეწისქვილე (,,ოთარაანთ ქვრივი») და გინდ მეურმე, რომელიც მთელს თავის პროტესტს არსებულის ცხოვრების მიმართ იმით გამოჰხატავს, რომ ზაქროსა და კაკოს ბედის შემნატრი ,,შურით ხარს შოლტს გაუტყლაშუნებს,» არიან ეგრეთი ბეჩავნი ქართველ ერშიაც, მაგრამ იგინი მეორე პლანზე დგანან და ილიას დიდი დამსახურება ჩვენის ერის წინაშე სწორედ ის არის, რომ ოთარაანთ ქვრივისთანა კაჟისაგან გამოქანდაკებულ პიროვნებას გვისურათებს ჩვენის ერის არსებით თვისებების წარმომადგენელად და მთელი მისი სიმპათია ამგვარის პიროვნებისკენ არის (ეგრეთივეა მისი გაბრო, კაკო და ზაქრო).
ცხოვრება, მანამდე, ვიდრე იგი ცხოვრებაა, მარტო ოთარაანთ ქვრივებისთანა ენერგიულ ადამიანების სამეუფოა. მარტო ოთარაანთ ქვრივებს შეუძლიათ შეჰქმნან გაბროები და კაკოები, რომელთა, ვითომ და ,,ავაზაკობა» რევოლუციონურის სულითაა გაჟღენთილი და რომელთაც მარტო შეუძლიათ გარდაჰქმნან ცხოვრება საუკეთესო იდეალის მიხედვით: ოთარაანთ ქვრივი თავს ტყუილად არავის დააჩაგვრინებს, გაბრო თავის გაუპატიურებას არავის შეარჩენს, ეგრე მოიქცევა კაკოცა და ზაქროც.
აბა, წარმოიდგინეთ რომელიმე მათგანი ან პლატონის როლში, როცა ჯარისკაცად წაიყვანეს, ანადა უდანაშაულოდ დასჯილის ვაჭრის როლში: ყველა მათგანი, რასაკვირველია, იგრძნობდა, რომ მათმა უბედურებამ ვისმე ბედნიერება მიუტანა და ამ ბედნიერების თვისების მიხედვით ესიამოვნებოდათ, ან იწყენდნენ, მაგრამ მათ გამაუძლურებელს კი არ შეარჩენდნენ, იგინი ჯავრს იყრიდნენ, არათუ მარტო კერძო პირზედ, მთელს საზოგადოებისაგან იძიებდნენ შურს, იმ საზოგადოებისაგან, რომელიც ჰქმნის, ხელს უწყობს უსამართლო მსაჯულს, გამაუპატიურებელ მებატონეს, სულთამხუთავ გზირსა და მამასახლისს.
პლატონ კარატაევი ,,გაროზგეს» და ამაში მან სასიამოვნო მხარე მოსძებნა, ზაქრომ კი ,,გაროზგვაში» მხოლოდ პირადობის შეურაცხყოფა და გაუპატიურება ნახა და შური იძია მთელის საზოგადოებისაგან.
პლატონ კარატაევი და ამასთან ერთად აკიმი (,,ბნელეთის სამეუფო»), თედორე (,,ანნა კარენინაში») უბედურებასა და ვაებას ერთნაირის გულგრილობით უხვდებიან და გაიძახიან პლატონსავით: ,,ჯნ] ცევს ბ ნ.ჰმვს ყბრჯულფ ყტ ჯნრფპსდფქცზ»-ო, ანადა აკიმსავით: ,რომელიც არას მოასწავებს გარდა იმისა, რომ ადამიანი მცენარისა და მინერალის უგრძნობლობასა და უარარაობას უახლოვდება. ოთარაანთ ქვრივი, გაბრო, კაკო და ზაქრო კი ცხოვრების ვაებას ბრძოლას უწევენ, ბოროტს წინააღუდგებიან და ან იცხოვრებენ ისე, როგორც ცხოვრებას შეეფერება, სიხარულითა და შვებით, მტკიცედ და შეურცხვენელად, ანადა თავს შეაკლავენ ბრძოლას თავისის იდეალისათვის, თუარა და სიცოცხლეს მოისპობენ. მათ პირუტყვულს ცხოვრებას ნაზრახ სიცოცხლეს სიკვდილი ურჩევნიათ.
ჩვენის დიდებულის მწერლების სადიდებლად უნდა აღვიაროთ, რომ მათგან ნაანდერძევი იდეალი სიმხნევისა, სიმამაცისა და ბოროტის წინააღმდეგ ნესტან-დარეჯანის დასახსნელად ბრძოლის იდეალია. მათ იშვიათის გამჭრიახობით, წინასწარმეტყველურის ნიჭით შეუგნიათ ცხოვრების არარაობა, მისი სიბინძურე და სიბილწე; ძვირად თუ ოდესმე პოეტს და მწერალს უგრძნია საუკუნის ჩვენის ბედშაობა ისე, როგორც ბარათაშვილს, ილიასა და აკაკის, მაგრამ თავის დღეში მათ ვერ წარმოუდგენიათ უბედურების წინაშე მუხლის მოყრა, უბედურებაში სიტკბოების ძიება, მათთვის ფილოსოფია და ,,ტაე-ტაეს» ფილოსოფია ისეთი ანბანია, რომელსაც თავისდღეში ვერ მიხვდებიან.
იგინი ყოველთვის იმას ჩაგვძახიან:
,,თუ კაცნი გვქვიან, შვილნი სოფლისა, უნდა კიდევაც მივსდიოთ მას, გვესმას მშობლისა» ანადა:
,,აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია», ანდა კიდევ:
,,არ მომკვდარა, მხოლოდ სძინავს, მოვა დრო და გაიღვიძებს.»
მთელი მათი პოეზია, ფილოსოფია და მორალი ამგვარის მხნე და მრთელის პესიმიზმით იყო გაჟღენთილი, რომელიც ცხოვრების სიმწარეს სავსებით გრძნობს, მაგრამ ამ სიმწარის შერიგებას კი არ სცდილობს, ებრძვის მას, წინააღუდგება და სწამს სიკეთისა და სიხარულის სამეუფოს განმტკიცება და გარეშე ამისა სიცოცხლე ჩირის ფასადაც არ მიაჩნია.
ასეთია საუკუნო დედა აზრი ჩვენის ლიტერატურისა, რომელიც უკვე რუსთაველისაგან გვაქვს ნაანდერძევი: საარაკო ტანჯვა ტარიელისა ნესტან- დარეჯანის ძებნაში, მისი მოპოვებით და მასთან საუკუნო კავშირით დამთავრდება.
ამიტომაც ტოლსტოი-კარატაევის ფილოსოფია სიკვდილისა, მცონარეობისა, სულით დაგლახაკებისა, დაკრავებისა და ბრწყინვალე ცხოვრების უარყოფისა ისე შორს არის ჩვენგან, ისე უცხოა, როგორც უცხონი და გაუგებარნი არიან ერთმანეთისათვის პლატონ კარატაევი და ოთარაანთ ქვრივი, აკიმა, თედორე გაბრო, კაკო და ზაქრო.

II
22 სექტემბერს, 1911 წელს, ქუთაისში გამართულ სალიტერატურო საღამოზე წაკითხულმა ჩემმა რეფერატმა რეპლიკა გამოიწვია ჯერ თვით თეატრის დარბაზში ბ-ნ გ. რობაქიძის მიერ და მერე გაზეთებშიაც (,,მნათობის» ფურცლებზე).
მე, რასაკვირველია, ვერ გამოვეკამათები ვერავის, მაგრამ მინდა ორიოდე ჩემი მოსაზრება გავუზიარო მკითხველებს და ამით გზადაგზა პასუხი გავსცე ჩემს, ასე ვთქვათ, ოპონენტებს.
,,განდეგილი» ისეთი დიდებული, ისეთი გასაოცარი ნაწარმოებია, რომ იმის შესახებ ბაასი კაცს არ მოსწყინდება, არც მწერალს წერა, არც მკითხველს კითხვა. ,,განდეგილი» არათუ უდიდებულესი ნაწარმოებია იმ სალიტერატურო სკოლისა, რომელსაც ილია ეკუთვნოდა, არათუ გამომსახველია მთელის მეცხრამეტე საუკუნის ქართველ საზოგადოების მოწინავე ნაწილის ფიქრისა, აზრისა და სულის კვეთებისა, იგი წინასწარმეტყველურის ტენდენციით არის აღსავსე, იგი გამომხატველია მთელის ქართველის ერის კულტურულის სახისა, იგი გამომეტყველია ქართველის ერის რწმენისა და ფილოსოფიისა.
,,ვეფხისტყაოსნის» საუკეთესო მაღალნიჭიერმა მკვლევარმა აკადემიკოსმა და პროფესორმა მარმა აღნიშნა თავის წიგნაკში შოთას თხზულების ის ცხოველმყოფელი ელლინიზმი, ცხოვრების ფილოსოფია, ცხოვრებისადმი ტრფიალი აზრი, რომლითაც აღსავსეა ეს დიდებული ნაწარმოები, ეს უკვდავი ძეგლი ქართველი ერის გენიოსობისა. ეს საღი წარმართული (პაიენ) შეხედულება ცხოვრებაზე სჩქეფს ჩვენს ლიტერატურაში დაუშრეტელად, მისი მოძრაობა ვერ შესძლო ვერც ბიზანტიურმა ფორმალიზმმა სარწმუნოებაში, ვერც აღმოსავლეთის პესიმისტურმა ფილოსოფიამ, რომლის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა მთელი ჩვენი ლიტერატურა საუკუნოების განმავლობაში, ვერც მისტიციზმმა რუსეთის მწერლობისამ, რომლის გავლენის ასის წლის იუბილე უკვე ნადღესასწაულევი აქვს ქართულ მწიგნობრობას.
თუ სადმე შესაძლებელია ითქვას რომელისამე ერის ლიტერატურის მთავარ ტენდენციის შესახებ, მწერლობის ნაციონალურის ხასიათის შესახებ, კულტურის დედაძარღვის შესახებ ეს უეჭველად ქართულ ლიტერატურის შესახებაც ითქმის და ეს განსაკუთრებული თვისება ქართულის მწერლობისა გამოიხატება იმაში, რომ მარად ჟამს, ყოველს გარემოებასა და ყოველს პირობაში მას არ დაუკარგავს, არ გადაუხვევია ცხოვრების ალღოსათვის, არ უღალატნია მისთვის. ცხოვრების ,,სიტკბო-სიამე» ყოველთვის ღრმად უგრძვნია, ყოველთვის სატრფიალო საგნად გაუხდია. ჩვენს ლიტერატურას, რასაკვირველია, განუცდია ქრისტიანობის ზედგავლენაც; სასაცილოც იქნებოდა და სატირალიც ეს ძლიერი ძალა მისთვის შეუმჩნეველი და შეუთვისებელი გამხდარიყო. უეჭველად ამჩნევია მას დაღი იმ სარწმუნოებისა, რომლის უმთავრესი იდეალიც მოყვასთათვის თავის დადებაა. ,,უფროისი ამისსა სიყვარული არავის აქუს, რაითა სული თვისი დვას მეგობართა თვისთვის» _ გაისმოდა საუკუნეების განმავლობაში იესოს ტაძარში და მისი გამოხმობა, მისი გამოძახილი თვით განხორციელებულ სასოწარკვეთილების გენიოსის ნიკო ბარათაშვილის ლექსებში გაისმის.
თუ ერთის მხრით იგი ცხოვრების თაყვანისმცემელია:

,,რადგანაც კაცნი გვქვიან, შვილნი სოფლისა,
უნდა კიდევაც მივსდიოთ მას, გვესმას მშობლისა»,
გვეტყვის ის დაგვიხატავს რა ცხოვრების ძირის სიმწარეს, მეორეს მხრით, ქრისტიანულ მოყვასის სიყვარულს იჩენს, როცა გვეტყვის:

,,და ჩემ შემდგომად მოძმესა ჩემსა
სიძნელე გზისა გაუადვილდეს».
მხნედ დაგვძახებს მას შემდეგ, რა ყოველსავე ამსოფლიურს თავისის მერანით გადასთელავს: სიყვარულს, მეგობრობას, თვით საფლავს სამშობლო მხარეში.
ამიტომაც არის, რომ ჩვენის ცხოვრების ფილოსოფიას, ,,სააქაოს» რწმენას, ხორცის სიამეს აღვირახსნილი, ეგოისტური, ბინძური ელფერი კი არა სდევს, სინაზითა და სიმშვენიერითაა შემოსილი. ,,სურვა», ,,მგრძნობელობა სჯობს ყოველ გრძნობას,» გვეუბნება ალექსანდრე ჭავჭავაძე, მაგრამ მისი მგრძნობელობა სევდიანობითა და თავისუფლებით არის აღსავსე.
შედარებისათვის ავიღოთ რუსული ლიტერატურა:
რუსულის მწერლობის კორიფეები ტოლსტოი და დოსტოევსკი სულ ცხოვრების სიტკბოს წინააღმდეგ არიან ამხედრებულნი, მარტო სული, მარტო საიქიო აინტერესებთ: ტოლსტოი იმ უკიდურესობამდისაც კი მივიდა, რომ დაჰგმო და ანათემის ღირსად გახადა თვით გრძნობა სქესობრივი დასაბამისა, წყარო ცხოვრებისა, ე. ი. მან ერთის კალმის მოსმით მოინდომა მთელის ცხოვრების მოსპობა. რუსული ლიტერატურა ყოველს ხორციელს, ყოველს, რასაც ბუნებრივის სტიქიონის ხასიათი აქვს, უარყოფით ეკიდება, მარტო სული, მარტო გასაცხოვნებელი კაცი _ ადამიანი _ აი, მისი იდეალი; მშრალი კანონი, მკვდარი დოგმატი _ აი, მისი მორალი. ყოველი ადამიანი, რომელიც ეკლესიის მიერ მიღებულ დოგმატს გადააბიჯებს, დაისჯება: ანნა კარენინა დაღუპულია იმიტომ, რომ უღალატა საუკუნეების მიერ გაჭედილ მეუღლეობის კავშირს.
ცხოვრების სიდუხჭირე, სიბინძურე, ვით სიმბოლო ცხოვრებისა, შეხარულება, სიცოცხლის უარყოფა აი, რა ამშვენებს ადამიანს. პიერ ბეზუხოვი მკბენართა ემბაზში მოინათლება და მხოლოდ მაშინ იქცევა ტოლსტოის თანამგრძნობ გმირად. ეს არის არათუ ქრისტიანიზმი, არის გადაჭარბებული, წრეს გადასული ფორმალიზმის გაღმერთება. და, როცა უწმინდესი სინოდი ტოლსტოის მოძღვრებას სდევნის, პირდაპირ ადამიანთა შეუგნებლობისა და სისულელის სურათი თვალწინ აღგემართებათ. შესაძლოა, სინოდის წევრები წინააღმდეგნი არიან არსებითად ფორმალიზმის განხორციელებისა. მათ ფორმა, დოგმატი დეკორუმად სჭირიათ, ძალის მოპოვებისათვის გამოსადეგ იარაღად და სრულიადაც არ ეჭაშნიკებათ მათი ცხოვრებაში განხორციელება. ამ შემთხვევაშიაც შორს- მხედველობაა საჭირო თვით უმცირესი, რომ იმ კაცს არ აუმხედრდე, რომელიც ახალის სულით აცხოველებს დახავსებულსა და დამპალს ჩონჩხს.
ვერავითარს მსგავსს ქართულს ლიტერატურაში ვერ იპოვით. არა მგონია, ჩვენოდენი საზოგადოებრივი უბედურება ერს სწვეოდეს ერთი ილიას მოკვლა რად ღირს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, სიხარული და ლაღობა, ცხოვრების, საწუთროს, სააქაოს სიყვარული ჩვენს მწერლობას არ დაუგდია. თუ ქვეყნის გეოგრაფიულს მდგომარეობას რაიმე გავლენა აქვს და, უეჭველია, აქვს მწერლობაზე, ერთის მხრით, ამითაც აიხსნება ეს მხიარულების ფონი, ნიადაგი, რომელიც არა შორდება ჩვენს მარჯვენა-ნაკურთხ მწერლებს თვით უაღრესს პესიმისტებსაც კი. ,,ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტი», რომელიც ჩვენმა დიდებულმა მგოსანმა უკვდავჰყო თავისს ერთ საუკეთესო ლექსში, ნიადაგ მხიარული კაშკაშა ცა მზით გაბრწყინვალებული, ნიადაგ ამწვანებული მიდამო თვით უსაშინელესს წამებს უტკბობს სმენამახვილს გენიოსს ქართველის ერის პოეზიისას.
და, აი, თვისება ქართველის მწერლობისა სავსებით გამოიხატა ილიას ,,განდეგილში».
რაში გამოიხატა ილიას პესიმიზმი, ილიას უარყოფა ცხოვრებისა ამ პოემაში?
სამას სტრიქონზე მეტია ამ საოცნებო ქმნილებაში და ამ სამასი სტრიქონიდან ცხოვრების მწარე მხარის აღწერას დათმობილი აქვს ოცი თუ ოცდახუთი სტრიქონი. შესაძლოა ამასში გამოერიოს ათი სტრიქონი, რომელიც მთელ ნაწარმოებს სჯობდეს, უფრო ძლიერი იყოს, ამისათვის სტატისტიკას და ციფრებს როგორც აქ, ისე, საზოგადოდ, ხელოვნებაში ადგილი არა აქვს. მაგრამ ეს პოემა იმ შედევრს ეკუთვნის, რომელშიაც ერთი წერტილიც არ არის მეტი, რომელშიაც ერთი სტრიქონი მეორესა სჯობს და ეს მეორე პირველს. მეორე თავის ადგილს უფრო ძლიერია პირველით, ხოლო პირველი უმეორეოდაც მშვენიერია და წარმტაცი. მაშ, აქ ამ წმინდა ტექნიკურ მოსაზრებასაცა აქვს მნიშვნელობა.
აი, ის სტრიქონები, სადაც ილიამ შეუდარებლად დაგვიხატა მთელი სიმწარე ცხოვრებისა, ვითა ძველ ე ბ რ ა ე ლ თ ა წინასწარმეტყველმა მკვეთრად და საოცარის წინაგრძნობით აღგვინუსხა შხამიანი წუთისოფელი:

,,ოდესღაც ტაძარს იმ გაუქმებულს
მეუდაბნოე შეჰკედლებია,
საიქიოსთვის ეს სააქაო
დაუთმია და განშორებია.
განშორებია ვით ცოდვის სადგურს,
ვით სამეუფოს ბოროტისასა,
სადაც მართალი გზას ვერ აუქცევს
განსაცდელსა მას ეშმაკისასა;
სად ცოდვა კაცსა სდევნის დღედაღამ,
ვითა მპარავი და მტაცებელი;
სად, რასაც ჰხადის მართალი მართლად,
მას უმართლობად ჰქმნის ცოდვის ხელი,
სად რყვნა, წაწყმენდა და ღალატია,
სადაც ძმა ჰხარბობს სისხლსა ძმისასა,
სად ცილი, ზაკვა ძულებადა ჰხდის
წმინდა სიყვარულს მოყვასისასა.
განშორებია ამ წუთისოფელს,
სად ყოვლი ნიჭი მაცდურებაა,
სად თვით სიტურფე და სათნოება
ეშმაკის მახე და ცდუნებაა».

რაგინდ ძლიერი იყოს ეს სურათი, იგი განყენებული სურათია, იგი ლოგიკური აბსტრაქციაა, იგი მსჯელობაა მოშხამულის გონებისა, და, როგორც ასეთი, ისეთს ძლიერს ცხოველმყოფელ შთაბეჭდილებას არ იწვევს, ვითა აღწერა ,,სააქაოს» ,,ცხოვრების,» ამ წუთისოფლის სიტკბოებისა, რომელიც მგოსანმა უკვდავის მხატვრულის საშუალებით შეგვაგნებინა. ცხოვრება ის მშვენიერი ასულია, რომელიც სენაკში შეეჭრა განდეგილს და ყირამალა დააყენა მთელი მისი ფილოსოფია, ტყუილა ჩაუტარა ის, რომ ,,დღედაღამ ლოცვით, გოდებით, გვემით, ხორცი სულისთვის უწამებია».
აბა, გადაათვალიერეთ ცხოვრების გაღმერთების სურათი:

,,გასაოცარი რაღაც შვენება
განდეგილს თვალწინ წარმოედგინა:
ყმაწვილი ქალი სავსე სიცოცხლით,
სავსე შვენების ჯადოთი, გრძნებით»...
და ეს მშვენიერება მით არის კიდევ საყურადღებო, რომ თვით განდეგილს გააოცებს, სულს დაუწყნარებს, დაუტკბობს და გულში რაღაც უჩვეველ, ანდა გადაჩვეულ სითბოსა და სიტკბოს გაუტარებს.
,,და უცოდველის გულის ტკივილით
ქალს შეაჩერა ტყვექმნილი თვალი».

მაშინ, როდესაც, თუ წარმოვიდგენთ, რომ განდეგილი უნდა იყოს ,,საიქიოს» წარმომადგენელი, ეს ნამეტანი ,,მწყრალი და გულ-მშრალი» უნდა ყოფილიყო, რადგან არათუ ვერავითარ წარმტაც და მომხიბვლელ გავლენას ვერ იქონიებს მწყემს-ქალზე, არამედ მთელი მისი არსება პროტესტით აღივსება ასეთის უკუღმართობის წინააღმდეგ, რად განშორებიხარ ქვეყანასაო:

,,განა ქვეყანად შენ არავინ გყავს,
ან ძმა, ანუ და, ან ნათესავი?»

,,წუთისოფელს მოშორდი და აქ სულ მარტოკა ხარ?

,,ან შენ როგორ სძლებ უწუთისოფლოდ!
მერე იცი კი, რა რიგ ტკბილია:
აქ სიკვდილია, იქ კი სიცოცხლე,
აქ ჭირია და იქ კი ლხინია
მითხარ: იქ ყოფნა რას არგებს სულსა?

განა სწყინს ღმერთს, რომ კაცი შეჰხარის ქვეყანას, ღვთისგანვე დაბადებულსა. ,,ვფიქრობდი: ნეტა მაშ რისთვის მორთო ესე ლამაზად წუთისსოფელი?» და სხვ. ამ მარტივს და თითქმის ბავშვურს მოსაზრებას, თუმც თავისის სიმარტივით უძლეველს და თავისის სიყრმით მომხიბვლელს, ეს ბრძენი და ქვეყნის ავ-კარგის შემგნები მწირი ვერაფერს პასუხს გასცემს, თუ არა მას, რომ ,,ეგეთი არის, სჩანს, ნება ღვთისაო», ანადა: ,,ხსნა ყველგან არის... ხოლო გზა ხსნისა ე ს ე თ ი მ ე რ გ ო მ ე... უ ბ ე დ უ რ ს ა ო».
ეს უბედურად თავის მონათვლა უკვე დამარცხებაა მთელის მისის მსოფლმხედველობისა, ის ვერავითარ საბუთს, ვერავითარ საფუძველს ვერ გამოუძებნის თავის რწმენას, თუ არ მას, რომ ღმერთს გადააბრალებს თავის ბედს. დამარცხდა განდეგილი თავის ფილოსოფიურ დისპუტში და დამარცხდა იგი პრაქტიკულადაც.
ეს დამარცხება მაშინ მოხდა, როდესაც მიძინებული ქალის ჯადოსნურ სიმშვენიერეს ვეღარ გაუძლო და, გაპობილ ბაგეთა ლაღის ღიმილით წარტაცებულმა, მოინდომა ბაგეთ შეხება.
ეს სავსებითი დამარცხებაა განდეგილისა, საშინელი და გაუსწორებელი. აქ წინ იშლება მთელი ტრაგედია განდეგილობისა, ასკეტიზმისა, მთელი სისუსტე და სიბეჩავე ამგვარის მიმართულებისა. ,,რომ განდეგილს ის ,,გადაეკოცნა», ,,ჩახვეოდა», ,,მასთან ერთად გამოქვაბული მიეტოვებია და საწუთროს უღელის ზიდვას შესდგომოდა», როგორც ერთ-ერთი ჩემი ოპონენტი ბრძანებს (,,მნათობი»), მაშინ ,,განდეგილი» ტრაგიზმით აღსავსე პოემა კი არ იქნებოდა ფარსი იქნებოდა და ისიც დაბალხარისხოვანი.
განდეგილს, რომელსაც ,,განუდევნია გულიდან ყველა მსოფლიო ზრახვა, ფიქრი, წადილი.., დღედაღამ ლოცვით, გოდებით, გვემით ხორცი სულისთვის უწამებია», რომლისაც ,,სული აყვავებულა», ,,და ხორციელი გულისთქმა ყველა» დაუმარხავს და განუსვენებია, გულში ,,ჯერ არ ცნობილი სიტკბოება» ესტუმრება და სულისთვის ,,აღთქმულუკვდავებად» მოეჩვენება. განდეგილი ამ მაცდურებას ვეღარ უძლებს, ,,ძრწის, მაგრამ იგი ძრწოლა რად არის ესოდენ ამო, ესოდენ ტკბილი!» ეს სრულიად საკმარისია. მან საიქიოს ამით ზურგი შეაქცია და მისი კავშირი საიქიოსთან გასწყდა; იგი ღვთისმშობელს მიმართავს, რომ მის საფარველს ქვეშე ,,წყეული ხორცი დაწყნარდეს», მაგრამ

,,ზე აიხედა. დედა-ღვთის ხატსა
მავედრებელი შეჰმართა თვალი...
და ვაი, წმინდა ღვთისმშობლის ნაცვლად
თვალთწინ დაუდგა იგივე ქალი.»
დაწყნარების მაგიერ მისი ხორცი აღშფოთდა. მის ბუნებაში კატასტროფა მოხდა, მთელი რევოლუცია მის რწმენაში იგი ბუნების კანონების ყურმოჭრილი მსხვერპლი და მონა შეიქმნა.

,,პირჯვარი უნდა, ხელი არ ერჩის,
ლოცვის თქმა უნდა ენა ებმება,
ხატის ხილვა სწყურს და იგივ... იგივ
ქალი წყეული თვალთ ელანდება!
,,აბა სძლიეო!..» და კვლავ ვიღაცამ
გადიხარხარა იმის სენაკში.
აწ იმა ხარხარს ვეღარ გაუძლო
და როგორც გიჟი გავარდა კარში».

დიაღ, ვეღარ სძლევს აწ იგი ხორცს, ვეღარ დაუცხრობს სხეულს და მთელი მისი რწმენაც შეირყევა. მისი რწმენის, ასე ვსთქვათ, ნიშანი, სიმბოლო მზის სხივია, რომელიც ლოცვანს იჭერს ეს სიმბოლოა მის წინანდელ ღრმა კავშირისა საიქიოსთან. დღეს კი ძლეული სული ამ აღტაცებამდის ვეღარ მივიდა.
,,მივარდა ლოცვანს, დააყრდნო სხივზედ
და, ეჰა, სხივმა არ დაიჭირა!..

ესეც უტყუარი საბუთი მისი დამარცხებისა და შემდეგ კატასტროფა ფინალისა:

,,გაშრა, გაშეშდა ზარდაცემული,
ერთი საშინლად შეჰბღავლა ღმერთსა
და იქავ, სხივქვეშ, უტევა სული.
დიდად აღსანიშნავია ის ეპილოგიც, რომელიც ავტორს რამდენსამე სტრიქონში აქვს გამოთქმული:

,,აწ შორის ნანგრევთ და ნატამალთა
მარტო ქარიღა დადის და ქშუის
და გამომფთხალი ჭექა-ქუხილით
მუნ შეხვეწილი ნადირი ღმუის»...
ეს მთლად ,,განდეგილობის» მოსპობაა, ვინაიდან მიმბაძველიც კი ვეღარ მოუპოვებია მის მაგალითს და მისი სენაკი ნადირთა სამფლობელოდ გამხდარა. ეს არის სრული უარყოფა ასკეტიზმისა, რომელსაც თანამედროვე ცხოვრებამ ზურგი შეაქცია, დაჰგმო და რომელიც არანორმალურ მოვლენად მიაჩნია.
მეტად საყურადღებოა ის ნაწილი პოემისა, სადაც აწერილია ის ადგილი, როცა განდეგილმა, ცოტათი დაწყნარებულმა,
,,კვლავ სასოებით...
დედა ღვთისასა მიაპყრა თვალი,
კვლავ ჰნახა იგივ ცხოველი ხატი
მადლით, ნუგეშით გადმომზირალი,
არ შერისხულა, სჩანს, ჯერედ ღვთისგან.»

ამაში გამოიხატა ერთგვარი რელიგია, თუ გნებავთ თავისებური დეიზმი ჩვენის ტანჯულის მგოსნისა. ხატი დედა-ღვთისა ეს სიმბოლური გამოხატულება რელიგიისა ,,მადლითა და ნუგეშით» შესცქერის განდეგილს იმიტომ, რომ ღვთაებას არად უნდა ,,ამ ყინულებში ყოფნა კაცისა?» განა მართლა მისთვის მორთო

,,ესე ლამაზად წუთისოფელი?
განა მისთვის, რომ ადამიანმა
შეაჩვენოს და აიღოს ხელი?»
ღვთაება ცხოვრების მფარველია, ცხოვრებისაგან განდგომილობას სრულიადაც არ თხოულობს და, თუ სხივი ლოცვანს აღარ დაიჭერს _ იმიტომ, რომ დაირღვა თვით განდეგილის სულის სიმტკიცე, მის ექსტაზს ფრთები შეეკვეცა, მის ასკეტიზმს ნიადაგი მოესპო.
შეიძლება ორგვარად დაასაბუთოს და დაამტკიცოს მწერალმა და ყოველმა ადამიანმა ყოველივე აზრი. ცხოვრების ბრძოლა, ცხოვრებაში აუცილებლად ყოფნა, ცხოვრებისთვის თავის დადება და ცხოვრების უღლის წევა, რაც უნდა ,,ბოროტის სამეუფო იყოს იგი» აუცილებელია. ანდა იგივე წინადადებაში კაცმა სხვაგვარად დაგარწმუნოთ და განახოთ, რომ ის, ვინც ცხოვრებას გაუდგება, ზურგს შეაქცევს, ვით ერთს ,,რასმე ჭირიანს» და ვაგლახს, ის, ვინც სააქაოს პირს უბრუნებს, ვინც ხორცს დაჰგმობს, იგი უსათუოდ დაიღუპება, ვით განდეგილი, რაც უნდა იგი ,,სულით გაწმენდილ და განბანილი» იყოს, რაც უნდა აწამოს ხორცი სულისათვის და თუ გინდ კიდევაც ეგონოს, რომ
,,აქ სული მისი აყვავებულა
და ხორციელი გულისთქმა ყველა
დამარხულა და განსვენებულა»
იმიტომ, რომ ეგრეთი ლტოლვა ცხოვრებიდან, ეგრეთი გადალახვა ბუნებრივის კანონებისა, ეგრეთი აბუჩად აგდება ,,ცხოვრების» სიტკბოებისა შეუძლებელია, მოუხერხებელი ისეთ მტკიცე ხასიათისა და სულით მაღალ ადამიანისათვისაც კი, როგორიც განდეგილი იყო.
განდეგილი რომ მწყემს ქალს პირველის დანახვისათანავე ჩაჰკონებოდა, როგორც ეს ,,მნათობის» რეცენზენტს ჰნებავდა, მაშინ მხოლოდ იმას დავინახავდით, რომ ეს ილიას განდეგილი გამოდგა სულით სუსტი და მეტისმეტად ცეტი, თორემ ზოგიერთს ღრმად მორწმუნეს აფიქრებინებდა, ასე არ მოიქცევოდა მტკიცე ხასიათის ადამიანიო. მით არის ეს პოემა ღრმა და უცილობლად დამარწმუნებელი, რომ განდეგილი მტკიცე და შეუდრეკელის ძლიერის ხასიათისა და მაღალის რწმენის კაცია, მაგრამ იგიც სძლია ბუნებამ და ცხოვრებამ, სძლია და მით კატასტროფა მოახდინა მთელს მის არსებაში.
ბ-ნი გრ. რობაქიძე არ დამეთანხმა, როგორც გავიგე, იმაში, რომ მე განდეგილის ,,საიქიოს», რომელიც ბ-ნ რობაქიძის ტერმინით ,,სამარადისო» არის, რომ ამ ,,საიქიოს ძებნას მის მარადისობამდის» მიდრეკილებას ვაუგებ. ეგ სწორედ ესეა, და არათუ მე, თვით ზეციდან მადლით ცხებული მგოსანი სჯის განდეგილს ამ მისწრაფებისათვის. განდეგილი კი მარტო ცხოვრების მყრალსა და ყოველდღიურ წარმავალ და გულის ამრევ სინამდვილეს კი არ ჰყოფდა უარს, იგი ებრძოდა ხორციელებას, იგი ებრძოდა მთლად ერთიანად ცხოვრებას და სულის სამეუფოს დამკვიდრებას ეტანებოდა. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ეს მისი ცდა სრულის გაკოტრებითა და დამარცხებით გათავდა.

Комментариев нет:

Отправить комментарий