среда, 6 апреля 2011 г.

აკაკი ბაქრაძე – დონ ქრისტოფორო დე კასტელის ნახატების თვალიერებისას

ქრისტოფორო კასტელი 31 წლის ვაჟკაცი იყო, როცა იგი 1628 წელს საქართველოში ჩამოვიდა და 57 წლის ჭარმაგმა კაცმა დატოვა ჩვენი ქვეყანა. სხვის ქვეყანაში 26 წლის მანძილზე გატარებულ მძიმე ცხოვრებას იგი დაუსნეულებია. თავად გვაუწყებს _ «რადგან სრულიად დასნეულებული ვიყავი, შევეცადე დავბრუნებულიყავი სამშობლოში» (გვ. 99) და დაბრუნებულა კიდეც.
ქრისტოფორო კასტელის საქართველოს ცხოვრების არც ერთი მოვლენა არ დარჩენია შეუმჩნეველი და ჩვენი ისტორიისათვის ფასდაუდებელი განძი დაგვიტოვა. როცა კასტელის ჩანახატებსა და ჩანაწერებს ეცნობით ერთ-ერთი უპირველესი გრძნობა, რომელიც მაშინვე გაგიჩნდებათ, გახლავთ სინანულის გრძნობა: შესწავლილი და დაწერილი არ არის ქართული დიპლომატიის ისტორია.
XVII საუკუნის საქართველოში სამი დიდი სახელმწიფო კაცი მოღვაწეობს: გიორგი სააკაძე, ხოსრო-მირზა ბაგრატიონი ანუ როსტომ მეფე და ლევან მეორე დადიანი.
ქრისტოფორო კასტელიმ დაგვიტოვა სამივე სახელმწიფო მოღვაწის პორტრეტი.
სამივეს ერთი მიზანი ჰქონდა: დაშლილ-დაქუცმაცებული საქართველოს გაერთიანება, მაგრამ ჩვენს მეცნიერებას არ აუხსნია და არ განუმარტავს უმთავრესი: როგორ მოხდა, რომ ამ სამმა კაცმა საერთო ენა ვერ გამოძებნა და ერთი მიზნის მისაღწევად ცალ-ცალკე აწყდებოდნენ ღობე-ყორეს. არ აგვიხსნია, რომ ამ ერთიანობას ხელს უშლიდა არა მარტო პოლიტიკური და სოციალური სიტუაცია, არამედ ქართველი კაცის პიროვნული და ეროვნული ფსიქოლოგია. სწორედ ეს უკანასკნელი _ ქართველი კაცის პიროვნული და ეროვნული ფსიქოლოგია _ ისტორიული ასპექტით და თვალსაზრისით ყველაზე ნაკლებ (თუ სულ არა) გვაქვს შესწავლილი. მიუხედავად იმისა, რომ ამ ფსიქოლოგიის ასახსნელად არჩილმა და დავით გურამიშვილმა უტყუარი გასაღები დაგვიტოვეს.
არჩილი ბრძანებს:
ასრე სჭირს საქართველოსას
დიდებულთ, გინა მცირეთა,
აზვავდებია, იტყვიან:
«უჩემოთ ვინ იმღერეთა?»
დავითი დასძენს:
ბევრნი ბევრს რასმე იტყოდენ,
მაგრამ ვინ მოუსმინებდა?
მეფე იყო და ბრძანებდა,
იქმოდა, რასაც ინებდა!
სხვათა შორის, ეს მწარე სიტყვები ვახტანგ მეექვსის მისამართით არის ნათქვამი.
როგორც ხედავთ, პირად პატივმოყვარეობას დაუძლევია საერთო-სახალხო, საერთო-ეროვნული ინტერესი.
კასტელის გიორგი სააკაძის სურათისათვის წაუწერია _ «ქართველთა ჯარის სარდალი, არაჩვეულებრივად ძლიერი და ყველაზე უფრო მტკიცე კაცი, მრავალ ომში სახელგანთქმული დიდი მოურავი» (გვ. 81). ძუნწი წარწერაა, თუმცა არსებითი ნათქვამია. ჩვენ სხვა გრძნობას აღგვიძრავს მისი სურათი, კამეჩის ქედივით ღონიერი კისრით და ცეცხლისმფრქვეველი თვალებით. გვახსენდება მარტყოფის გმირი, რომელმაც სასიკვდილოდ განწირული აღმოსავლეთ საქართველო ისევ სიცოცხლისკენ შემოაბრუნა და ბაზალეთის სამარცხვინო ომის ინიციატორი, როცა იღვრებოდა ძმების სისხლი დაუნდობლად და გამეტებულად და, რაც მთავარია, მტრის გასახარად. გვახსენდება კაცი, რომელიც შვილს იმეტებდა მამულისათვის, მაგრამ ამასთანავე ხან სპარსეთსა და ხან თურქეთში უაზროდ ფლანგავდა ნიჭს, ჭკუას, ენერგიას. განუკითხავი ბედისწერის სასწორზე შეგდებული ვაჟკაცი, რომლის სიცოცხლე თურქი ჯალათის ნაჯახმა დააღამა.
პოეტისათვის მეტად საყურადღებო რამ აქვს ნათქვამი ქრისტოფორო კასტელის გიორგი სააკაძეზე. გიორგი სააკაძე შურით აღვსილმა მტრებმა მოწამლესო. «მისი სიკვდილის შემდეგ, _ დასძენს კასტელი, _ მოწამლული გული მკერდიდან ამოიღეს ადამიანის გულში დასანერგად» (გვ. 81). მართალია, კასტელის არ სცოდნია ნამდვილად როგორ დაიღუპა დიდი მოურავი, მაგრამ სამაგიეროდ ეს ფრაზა რა მასალაა ლექსისათვის! რა ბედენაა მშრალი სიმართლე გიორგი სააკაძის მკერდიდან ამოღებულ მოწამლულ გულთან შედარებით?
რატომღაც ხოსრო-მირზა ბაგრატიონის ანუ როსტომ მეფის სურათი უწარწეროდ დაუტოვებია კასტელის. დღეს ვერავინ ახსნის ამას. შემთხვევითია იგი თუ გამიზნული. კათოლიკე ბერს იქნებ არ მოსწონდა გამაჰმადიანებული ქართველი. უჭკვიანესი და უცბიერესი კაცი, რომელმაც 93 წელიწადი იცოცხლა. ამ ხნის მანძილზე სულ ბეწვის ხიდზე იარა და ნაბიჯი ერთხელაც არ შეშლია. კაცი, რომლის ჭკუა გაწვდა ისპაჰანის ტარუღობას, ირანის ყულარაღასობას, ქართლის მეფობას, მაგრამ უკმარი აღმოჩნდა საქართველოს გასაერთიანებლად.
სამეგრელოს მთავარი ლევან დადიანი
სამეგრელოს მთავარი ლევან დადიანი
თუ როსტომ მეფის მიმართ ერთგვარი სიძუნწე გამოავლინა კასტელიმ, სამაგიეროდ ლევან დადიანისადმი გამოიჩინა გულუხვობა. მისი რამდენიმე სურათიაც დაგვიტოვა და კარგიც გვიამბო და ავიც. კასტელი ასე ახასიათებს ლევან დადიანს: «…კოლხელი მთავარი, ხალხის მმართველი, კეთილი, მზრუნველი, მოსარჩლე, სამართლიანი და გულმოწყალე. იგი გულუხვად ეხმარებოდა არა მარტო თავის ყმებსა და ქვეშევრდომებს, არამედ მეზობელი სამთავროების მცხოვრებთაც». (გვ. 43). მაგრამ ამ ჭეშმარიტად ნიჭიერ და სახელმწიფო მოღვაწეს უსაშველო ამპარტავნების ჭია ღრღნიდა, რამაც დაუნდობელი და სასტიკი გახადა.
ერთიმეორის მიყოლებით უსაშინელესი ამბები დატრიალდა ლევან დადიანის ოჯახში.
ჯერ იყო და პირველ ცოლს აფხაზეთის მთავრის სეტემან შარაშიას (შარვაშიძე) ასულს დარეჯანს ცხვირი, ენა და ყურები მოაჭრა და ასე გაუგზავნა უკან მამას. ასე იმიტომ განრისხებულა, რომ ქალისათვის დაუწამებიათ პაატა წულუკიას (წულუკიძე) მრუშობსო. ცოლს რომ გაუსწორდა, პაატა წულუკია შეიპყრო და სიმონ გურიელს გაუგზავნა ხელფეხშეკრული, ციხეში ჩაალპეო.
ლევან დადიანის ყოფილი მეუღლე დარეჯან შარაშია
ლევან დადიანის ყოფილი მეუღლე დარეჯან შარაშია
ალბათ პირველი ცოლის თავიდან მოცილება გაუხარდა კიდეც ლევან დადიანს, რამეთუ სხვა უყვარდა: ღვიძლი ბიძის გიორგი ლიპარტიანის ახალგაზრდა თანამეცხედრე, ესეც დარეჯანი. ლევანმა, როგორც კი გააგდო დასახიჩრებული დარეჯან შარაშია, მაშინვე წაართვა ბიძას ცოლი. შეურაცხყოფის ელდამ მოკლა ლიპარტიანი.
ლევან დადიანის თვითნებობით და თავხედობით თავგაბეზრებულმა გურიის მთავარმა სიმონ გურიელმა, აფხაზეთის მთავარმა სეტემან შარაშიამ და იმერეთის მეფე გიორგიმ გადაწყვიტეს მიპარვით მოეკლათ სამეგრელოს მთავარი. ამ შეთქმულებას პაატა წულუკია თავკაცობდა. დაიქირავეს მკვლელი. გალაღებული ლევანი მეორე ქორწილს იხდიდა. საქორწინო სუფრასთან მჯდომს მიეპარა მკვლელი და შუბი აძგერა ზურგში. თითქოს სასიცოცხლო პირი აღარ უჩანდა, მაინც გადარჩა. სასიკვდილოდ გამიმეტესო და მთლად გაცოფდა ლევან დადიანი. სიმონ გურიელი შეიპყრო და თვალები დათხარა. პაატა წულუკია ქვემეხის ლულაში ჩატენა და ისე ააფეთქა. თავზარდაცემულმა იმერეთის მეფე გიორგიმ ერთგულება შეფიცა და თავი ამით გადაირჩინა. აფხაზეთის მთავარი კი ისედაც დასჯილი იყო შვილის გაუბედურებით.
ლევანის მეორე ცოლი დარეჯან ჭილაძე კი უავესი და უბოროტესი ქალი გამოდგა. ლევან დადიანისა და დარეჯან შარაშიას ორივე შვილი მოწამლა. თავად ოთხი შვილი ეყოლა, მაგრამ ერთი კუტი დაიბადა და მალე გარდაიცვალა. მეორე დამბლადაცემული იყო. ბოროტებისათვის თუ მიაგო უზენაესმა სამაგიერო.
ამ ამბების წაკითხვის შემდეგ ერთი მიბრძანეთ, რომელი მაკბეტის, რომელი რიჩარდის ვნებანი შეედრება ლევან დადიანის ვნებებს? მაგრამ ქართულ მწერლობაში ჯერ არავინ დაინტერესებულა ლევან დადიანის ბედით, ხასიათით, მისწრაფებით, თვისებით. ჯერ მხოლოდ მატიანის ფურცლები ინახავს სამეგრელოს მთავრის ბნელი ვნებებით სავსე ცხოვრებას.
პოლიტიკური თვალსაზრისით თუ შეხედავთ ლევან დადიანის ცხოვრებას, უნდა ითქვას, რომ პირად ცხოვრებაში თავზეხელაღებულმა და უზნეო კაცმა სამთავროში სანიმუშო სახელმწიფო წესრიგი დაამყარა. თან, რაც მთავარია, მთელი ცხოვრება საერთო ქართული ეროვნული შეგნება ამოძრავებდა. შეიძლება ამ შეგნებაში პირადი პატივმოყვარეობის გრძნობაც ერია (მთელი საქართველოს იმპერატორობაზე ოცნებობდაო _ ამბობს კასტელი), მაგრამ ამას არა აქვს ახლა არსებითი მნიშვნელობა. არსებითი ის არის, რომ იმიერ და ამიერ საქართველოს ერთიანობაზე ოცნებობდა. ამ მიზნით მიათხოვა მან თავისი ასული ძილისანი იმერეთის მეფე ბაგრატს და დაი მარიამი ქართლის მეფე როსტომს ანუ ხოსრო-მირზა ბაგრატიონს. ასე დამოყვრდა ორი კაცი _ ერთი ამიერ და მეორე იმიერ ქართველი, ერთი პოლიტიკური სიბრძნითა და ცბიერებით სავსე, მეორე – ამოურწყავი ენერგიითა და ვაჟკაცობით.
სამეგრელოს მთავარი ლევან დადიანი
სამეგრელოს მთავარი ლევან დადიანი
არქანჯელო ლამბერტი იუწყება ლევან დადიანის წესახებ _ «ეს მთავარი ჩვენს განათლებულ ქვეყანაში რომ აღზრდილიყო და სწავლა-განათლება ჩვენის საუკეთესო მასწავლებლებისაგან მიეღო, ვერც ერთი მთავარი მას ვერ აჯობებდა. უმოძღვროდ და უოსტატოდ, მხოლოდ ბუნების მადლით შეუთვისებია მას მარად საქებური ზნე-ჩვეულებანი». მათ შემაერთებელ ხიდად კი იდგა მე-17 საუკუნის საქართველოს პირველი მანდილოსანი მარიამ დადიანი. ამ ქალს არ აკლდა არაფერი _ არც დედაკაცური ხიბლი, არც ჭკუა, არც სათნოება, არც განათლება, არც შეგნება. და ამ სამთა კავშირის მიუხედავად, მაინც არ მოხდა უმთავრესი _ საქართველოს გაერთიანება. რატომ? ეს კითხვა ბურღავს ტვინს.
რატომ?
ალბათ იმიტომ, რომ 1625 წელს მარაბდაში გიორგი სააკაძე და ხოსრო-მირზა ბაგრატიონი ერთმანეთის მხარდამხარ კი არ იდგნენ, არამედ პირისპირ. რასაც ერთი აშენებდა, მეორე ანგრევდა. თუმცა პიროვნულად ერთმანეთი უყვარდათ. გიორგი სააკაძის გამჭრიახმა თვალმა იპოვა ისპაჰანის ქუჩებსა და მოედნებზე მოლაშლაშე ბრბოში უპატრონო და უსახლკარო ხოსრო-მირზა და დიდი პოლიტიკური ცხოვრების ასპარეზზე გამოიყვანა. როცა ოსმალეთში გიორგი სააკაძის ოჯახი გაანადგურეს, დიდი მოურავის გადარჩენილი შთამომავლობა საქართველოში ხოსრო-მირზა ბაგრატიონმა ანუ როსტომ მეფემ დააბრუნა და მამულებიც უბოძა. ასე ზრუნავდნენ ერთმანეთზე, როცა საქმე პირადულს ეხებოდა. მაგრამ როცა საქვეყნო საქმე ითხოვდა ერთიანობას, მაშინ პირისპირ იდგნენ და შეუბრალებლად იმეტებდნენ ერთი-მეორეს. ყველაზე სავალალო და ტრაგიკული კი ის არის, რომ გულის მიზანი ერთი ჰქონდათ _ საქართველოს ერთიანობა, ოღონდ გზას ირჩევდნენ სხვადასხვაგვარს. გზას, რომელიც მიზანს უფრო აშორებდა, ვიდრე აახლოვებდა.
გაერთიანება არ მოხდა. რატომ?
როცა როსტომ მეფემ ანუ ხოსრო-მირზა ბაგრატიონმა მარიამ დადიანის შერთვა გადაწყვიტა, სამეგრელოს მთავარმა და ქართლის მეფემ საქორწინო შეხვედრა ხანისწყლის ხეობაში, ბაღდადთან ახლოს, კაკას ხიდთან (ისტორიული საჩხეიძეო) დათქვეს. ჭკუაში არ დაუჯდათ ეს იმერეთის მეფეს გიორგის და კახთა მეფეს თეიმურაზ პირველს. ასე განაჩინეს: ვიდრე როსტომ მეფე ჩამოვიდოდა, თავს დასხმოდნენ ლევან დადიანს და საქორწინოდ მოსული მაყრიონი ერთიანად გაეჟუჟათ. მაგრამ გიორგი მეფის თანამზრახველთა შორის მოღალატე აღმოჩნდა, იმერთა და კახთა მეფეების მზაკვრული განზრახვა ლევან დადიანს აცნობა. ლევან დადიანი ის კაცი არ იყო, ვინც მზაკვრობას ასე იოლად შეარჩენდა ვინმეს. სასწრაფოდ დაესხა თავს ხანისწყლის ხეობაში დაბანაკებულ გიორგისა და თეიმურაზს. იმერეთის მეფე გიორგი ტყვედ ჩავარდა, თეიმურაზ პირველმა კი გაქცევით უშველა თავს. მათი თანმხლები ლაშქარი კი პირწმინდად გაწყვიტა ლევან დადიანმა.
ქრისტოფორო კასტელიმ გიორგი მეფისა და თეიმურაზ პირველის პორტრეტებიც დაგვიტოვა. შეხედავ და თვალი ზედ დაგრჩება. მაგრამ რა? ერთმანეთის უაზრო ჟლეტაში იხარჯება მათი სულიერი და ხორციელი მშვენიერება.
ბრძოლა დამთავრებული იყო, როცა როსტომ მეფემ კაკას ხიდთან მოაღწია. ენით უთქმელი და კალმით აუწერელი საქორწინო ნადიმი გაიმართა. ილხენდა იმერი და ამიერი საქათრველო, მაგრამ არავის გახსენებია იქვე ჩახოცილი თანამოძმენი და მათი სისხლით დამბალი მიწა.
გაერთიანება არ მოხდა. რატომ?
არც მარიამ დედოფალი ახსოვს ქართულ მწერლობას. ამ ქალის ბედში, როგორც სარკეში, არეკლილია მე-17 საუკუნის საქართველოს ბედი.
მთელი ცხოვრება გლოვაში გაატარა მარიამ დედოფალმა.
როსტომ მეფის მეუღლე დედოფალი მარიამი, ლევან დადიანის და
როსტომ მეფის მეუღლე დედოფალი მარიამი, ლევან დადიანის და
თავდაპირველად იგი სიმონ გურიელს მიათხოვეს. მერე სიმონ გურიელმა უკადრისი იკადრა: ღვიძლი მამა მამია გურიელი მძინარე დაკლა სარეცელში. მამის მოკვლავს არ ვაპატიებო, განრისხდა ლევან დადიანი (ქრისტოფორო კასტელი ამბობს _ «მშობლის მკვლელობა ხომ უფრო სასტიკია, ვიდრე მრუშობა»). გურიაში ილაშქრა. სიმონ გურიელი შეიპყრო და თვალები დათხარა. დაი მარიამი და დისწული, მცირეწლოვანი ოტია გურიელი შინ, ოდიშს წამოიყვანა.
მეორე ქორწინებით მითხოვდა მარიამ დედოფალი როსტომ მეფეს. მაშინ როსტომი სამოცდაათ წელს მიტანებული მოხუცი იყო. აიტანა ახალგაზრდა ქალმა ეს, რამეთუ საქართველოს ინტერესი ითხოვდა ამას. ერთადერთი ნუგეში შვილი იყო ოტია. როსტომ მეფესაც უყვარდა გერი. ღვიძლი შვილი არ ჰყავდა როსტომ და მისი მომავლის იმედი ოტია იყო. მაგრამ სხვაგვარად სჯიდა ბედისწერა: ოტია გურიელი მოულოდნელად გარდაიცვალა. დარჩნენ უძეოდ როსტომი და მარიამი. მაგრამ ამით არ დამთავრებულა მეფე-დედოფლის ოჯახური უბედურება. მემკვიდრედ იშვილეს ლუარსაბ ბატონიშვილი. თურმე არც ლუარსაბს ეწერა დიდი დღე. როსტომ მეფე «გატეხილი ხიდის» (აწინდელი წითელი ხიდის) მშენებლობის სანახავად წასულა. თან ახლდნენ მარიამი და ლუარსაბ. შეუჩნდა შვილობილი მამობილს _ სანადიროდ წავალო ტოლ-მეგობრებთან. გაუშვეს და უკან გულგანგმირული მოასვენეს ლუარსაბ ბატონიშვილი. არავინ უწყის როყიო ტყვია მოხვდა ლუარსაბს თუ საგანგებოდ ნასროლი. ჭორი დადიოდა, ბაადურ სომეხმა და შიოშ ქართველმა მოჰკლესო ლუარსაბ ბატონიშვილი, მაგრამ სიმართლე ვერავინ დაადგინა.
ასე ეწერა მარიამ დედოფალს, ძაძები არ უნდა გაეხადა.
დადიოდა შავოსანი დედოფალი საქართველოში და აშენებდა დანგრეულსა და იავარქმნილს. ბოლნისის ტაძარი შეაკეთებინა, რუისში ეკლესია განაახლა, ალავერდი შეამკო, თბილისში დაბლაციხესთან ეკლესია ააგო, სვეტიცხოვლის მორღვეული გუმბათი აღადგინა.
დადიოდა და აწერინებდა წიგნებს. მარიამისეული «ქართლის ცხოვრება» მისი ბრძანებით არის გადაწერილი.
დადიოდა და განიკითხავდა ქვრივ-ობლებს.
შენდებოდა ქრისტიანი საქართველო და მაჰმადიანი როსტომ მეფე თითქოს ვერაფერს ხედავდა. იჯდა თბილისში ირანის ყულარაღასი და ისპაჰანის ტარუღა და, მარიამ დედოფლის ხელით, აშენებდა ქრისტიან საქართველოს.
ბოლოს როსტომ მეფის საათმაც დარეკა და ღრმად მოხუცი 1658 წელს მიიცვალა იგი. როსტომ მეფე სპარსეთს წაასვენეს და დიდებით დაკრძალეს შაჰ-აბას პირველის გვერდით წმინდა ქალაქ ყუმში.
ასე წვანან ირანულ მიწაში ერთმანეთის გვერდიგვერდ საქართველოს დამაქცევარი და საქართველოს მაშენებელი.
თითქოს ქმრის სიკვდილი არ კმაროდა, ახალი დამცირება ელოდა მარიამ დედოფალს. ისპაჰანიდან რაყამი მოვიდა. შაჰი ბრძანებდა: ახალმა მეფემ ვახტანგ V ანუ სპარსულად შაჰ-ნავაზმა ცოლად შეირთოსო მარიამ დედოფალი. სპარსელები არას დაგიდევდნენ, რომ ვახტანგ V უკვე ცოლიანი კაცი იყო და როდამ ბარათა-ყაფლანიშვილთან 8 შვილი ჰყავდა. ასე ნებავდა ირანელ ხელმწიფეს და ქართველ მეფეს მორჩილად უნდა დაეკრა თავი. სხვა გზა არ იყო.
მესამედ გათხოვდა მარიამ დადიანი.
მაგრამ ლეჩაქებგაბახებული დედოფალი კიდევ მოესწრება ერთ დიდ ქართულ ზეიმს _ 1659 წლის კახეთის აჯანყებას, როცა ბიძინა ჩოლოყაშვილის, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავების მეთაურობით ქართველებმა მუსრი გაავლეს სპარსელებს და უცხო ჯილაგისაგან ქვეყანა გაათავისუფლეს.
მაგრამ ქართული ზეიმი ყოველთვის გლოვით თავდება და მარიამ დედოფალი კიდევ ერთხელ გააცილებს სპარსეთში ზვარაკად მიმავალ სამ ქართველ წამებულს.
ვისაც მე-17 საუკუნის საქართველოს სიმბოლური წარმოდგენა უნდა, მან მარიამ დედოფალი უნდა გამოქანდაკოს. იგი განასახიერებს იმდროინდელ საქართველოს სიდიადესაც და სიდუხჭირესაც.
და როგორ არ განვიმსჭვალოთ ქრისტოფორო კასტელისადმი მადლიერების გრძნობით, როცა მან მარიამ დედოფლის პორტრეტიც დაგვიტოვა.
გაერთიანება არ მოხდა. რატომ?
უსაშინელესი სენი _ ადამიანთა ვაჭრობა _ ღრღნიდა საქართველოს ეროვნულ სხეულს. თვალცრემლიანი ჩივის ქრისტოფორო კასტელი: «უგონო ცხოველსაც კი ვერ ბაძავენ: ე.ი. სამეგრელოს, გურიის ქვეყნებში, მერკოლაში, მშობლები შვილებს, შვილები მშობლებს, ძმები დებს არ ინდობენ. სხვა ქალაქებში სხვანაირად ჰყიდიან თურქებზე. მათი ვაჭრობა პროვინციაში დიდია» (გვ. 166). მეორეგან უმატებს: «იმერეთის, გურიის, აფხაზეთის პროვინციებიდან მიჰყავთ ბავშვები და მოედნებზე ჰყიდიან. ეს ამბავი ყველასათვის ცნობილია» (გვ. 168). დაუხატავს კიდეც ადამიანით ვაჭრობის თავზარდამცემი სურათები. თავისთავად ხომ სასოწარკვეთილებას მოგგვრის ქვეყნის ამგვარი დაცემა, მაგრამ უსაშინელესია შეგნების მოწამვლა. უფრო გვიან, საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ, ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ თავგამოდებული მებრძოლი სოლომონ პირველი მაინც ადამიანებს უგზავნიდა საჩუქრად რუსეთის იმპერატრიცას. 1775 წლის 30 მარტს სოლომონ პირველის ელჩი დავით კვინიხიძე გრაფ პანინს მოახსენებდა:
იმპერატრიცა ეკატერინე მეორეს საჩუქრად მოვართვიო თავად იაშვილის ქალ-ვაჟი.
ცესარევიჩ პავლეს _ თავად ღოღობერიძის ერთი ვაჟი და აზნაურ ბაქრაძის ერთი ქალი,
ხოლო პირადად თქვენ _ ერთი ვაჟიო (რატომღაც ამ ბიჭის გვარი არ არის მოხსენიებული).
გიორგი მეცამეტე თურქეთსა და სპარსეთში ადამიანის გაყიდვას კრძალავდა, მაგრამ დასაშვებად მიაჩნდა საქართველოში და რუსეთში გაყიდვა («…არ მიჰყიდონ თუ არ ქართველთა და დიდი რუსეთის მებატონეთა»…).
იმდენად იყო შეგნება მოწამლული, რომ სოლომონ პირველი თან ებრძოდა, დამნაშავეებს უსასტიკესი სასჯელით ემუქრებოდა, და თან ამგვარ საჩუქრებს არიგებდა. ანდა გიორგი მეცამეტის საქციელი? განა ამგვარ შეგნებას ახსნა არ უნდა? განა არ უნდა ვიცოდეთ რამ დაბადა იგი ჩვენში? ამის ამოხსნას თანაბარი ერთსულოვნებით უნდა ცდილობდეს მწერლობაც და მეცნიერებაც.
უმძიმესი სანახავი იყო ამ ყოფაში ჩავარდნილი ქართველი ხალხის ცხოვრება. ყოველი შეგნებული ქართველი მწარედ განიცდიდა ამას და ებრაელ წინასწარმეტყველთაებრ მოსთქვამდა:
«ეჰ, ვუმზერ საქართველოს და გული ცრემლებით მევსება, უწინ დედამიწის სამოთხე რომ იყო, იგი კვნესის ქაოსად გადაქცეულა.
იმ ადამიანებზე ვტირი, რომლებიც ჩემი ქრისტეს დროშისათვის შეუპოვარნი და ძალიან მამაცი მებრძოლნი იყვნენ და ახლა ეშმას მონებენ. საქართველოს იმ მიწას ვტირი, რომელიც მისი ბატკნების მკვებავი, აღთქმული წმინდა ქვეყანა და ქრისტეს მიმბაძველი იყო; ახლა კი ტაძრის საძლვარზე ნარ-ეკალი გაზრდილა. იმ ქვეყანას ვტირი, რომლის მცხოვრებლებმა ქვეყნიერება განათლეს, ახლა კი სიბეცისა და ბნელეთის დასაბამი გამხდარა.
იმ ქვეყანას ვტირი, რომელმაც ანტიკური ბერძნული სიბრძნე წარმოშვა, ახლა კი უვიცობის წყარო გამხდარა, სადაც თავიანთი შემეცნების სიბრმავის გამო, ბევრი სიღატაკეში ჩავარდნილა და სადაც ყველა ღმერთი მიტოვებულია» (გვ. 203).
ასე იგლოვს დაი ქრისტინე თავის მამულს. ეტყობა ამ ქალის ღრმადმორწმუნეობა იტალიელ მისიონერებზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა. რადგან კასტელის ბევრჯერ ჰყავს იგი დახატული და თან სურათებს მრავლად ახლავს წარწერებიც. ჩანს, არ უნდოდა იტალიელ ბერს დაეკარგა ამ ქალის ქადაგების არც ერთი სიტყვა, რამეთუ იგი ქართველთა გამოფხიზლების საწინდრად მიაჩნდა.
ისტორიას აქვს აუხსნელი კანონზომიერება. ჩვენ არ შემოგვრჩა არავითარი დოკუმენტი, მაუწყებელი სულხან ავთანდილაშვილის, მხატვარი ქალის როდია მიქელაძის, პოეტესა ვომინიჯა ბერიძის საქმიანობისა, მაგრამ კასტელიმ დაგვიტოვა მათი სურათები. ისინი უთუოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ ქართველი ხალხის სულიერ ცხოვრებაში. სხვანაირად ქრისტოფორო კასტელი ასე გულმოდგინედ და რუდუნებით არ დახატავდა მათ. დრომ დაკარგა მათი ნამოღვაწარი, მაგრამ შეინახა მათი სახეები. ეს არის ალბათ ისტორიის მადლიერება.
იკეცება მატიანის ფურცლები. ნახატებით ცოცხლდება მე-17 საუკუნის საქართველო: ყოფით, ზნით, ჩვეულებით, ავითა და კარგით, იმდროინდელი ადამიანებით.
ქრისტოფორო კასტელის ალბომს არაერთგზის მიუბრუნდება ქართული მწერლობა და მეცნიერება და არაერთგზის დაგვიდგება თვალწინ იტალიელი ბერი, რომელმაც თავისი 26-წლიანი შრომა დაამთავრა სიტყვებით _ «მრავალი წლის განმავლობაში საქართველო ჩემი სატრფო იყო» (გვ. 223).
ეს დონ ქრისტოფორო დე კასტელიმ საქმით დაამტკიცა.
1979 წ. აპრილი

Комментариев нет:

Отправить комментарий